ახმეტის სოფელ მაღრაანში მდებარე ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის სოფელ მაღრაანში მდებარე ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მდებარე XV-XVI საუკუნის სასახლე – ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ორსართულიანი სასახლე ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე, კარ-სარკმელთა თაღების გამოსაყვანად გამოყენებულია აგური.

„სასახლე შედგება ერთ ხაზზე განლაგებული სამი სხვადასხვა ზომის დარბაზის (ყველაზე დიდია აღმოსავლეთის, ყველაზე პატარა შუა დარბაზი), მცირე საკუჭნაოსა და მინაშენისგან. ჩრდილოეთიდან შემჯდარია მიწის ფერდში. წინა ფასადი სამხრეთით აქვს. სამივე დარბაზი ერთმანეთთან შიდა გასასვლელითაა დაკავშირებული. კარი ყველა ერთნაირია: გარედან თაღოვანი, ინტერიერიდან ხის ძელით დასრულებული. თაღები ქვითაა გადაყვანილი. მხოლოდ აღმოსავლეთ დარბაზის სამხრეთის კარია აგურით შეისრული. კედლებში სწორკუთხა ან პირამიდული დაბოლოების ნიშებია გამართული. დასავლეთის დარბაზის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი გასასვლელის ნაშთია შემორჩენილი. აქედან ამ ოთახზე ჩრდილოეთიდან გაკეთებულ საკუჭნაოში უნდა გასულიყვნენ. დარბაზების მეორე სართული მაღალი თაღოვანი სარკმლებითაა განათებული. თითოეულ ოთახში სამხრეთის მხარეს სამ-სამი, ხოლო განაპირა დარბაზების აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში ორ-ორი სარკმელია.

სასახლე ერთ-ერთი დიდი საერო ნაგებობაა, რომელიც ისტორიას შედარებით უკეთ შემორჩა საქართველოში. ის ამ მხარის ფეოდალის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რომელიც დაკავშირებული იყო მისგან 100 მეტრში მდგარ ღვთაების საეკლესიო კომპლექსთან“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.