ყვარელში მდებარე ყველაწმინდას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარელში მდებარე ყველაწმინდას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ყვარელში მდებარე XVIII ს-ის ყველაწმინდას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის სამლოცველოთა ნიმუშია.

„ეკლესია დარბაზულია და ნაგებია ნატეხი ქვით. ამასთან, გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთის კედელში ასიმეტრიულად პატარა პირამიდული გადახურვის სარკმელია გაკეთებული. კედლები დასრულებულია აგურის ხერხულა ლავგარდნით. ეკლესია დახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდის კონქი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზის ცილინდრული კამარა გრძივ კედლებზეა გადასული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.