სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - პოლიტიკური დეკლარაცია ყველა მხარის საერთო ინტერესებზეა მორგებული და განსაკუთრებით დაეხმარება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან სწრაფ დაახლოებაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში არის მსხვილი საინვესტიციო გეგმა, რომელიც ყველა მხარის საერთო ინტერესებზეა მორგებული და განსაკუთრებით დაეხმარება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან სწრაფ დაახლოებაში, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული და უსაფრთხოების ასპექტის გათვალისწინებითაც.
„ეს განსაკუთრებით ხაზგასმულია იმ დეკლარაციაში, რომელსაც დღეისთვის ვამზადებთ. მასში საკმაოდ არის მსხვილი საინვესტიციო გეგმა, რომელიც ყველა მხარის საერთო ინტერესებზეა მორგებული და დაეხმარება განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან სწრაფ დაახლოებაში და სლოვენია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, თავის საპრეზიდენტო ვადაში იბრძოლებს ამისთვის.
ჩვენ ვსაზღვრავთ ტერმინებს, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ევროპულ მომავალზე, რადგან საქართველო ევროპული ქვეყანაა, მას ევროპული მომავალი აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის მომავალ წევრობაზე და ასევე ვიბრძვით გაწერილი გეგმისთვის მომავალი 10 წლის განმავლობაში. ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და 10 წლის შემდეგ გარანტირებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.
ვფიქრობ, ევროკავშირმა როგორღაც გამოტოვა ამის შეთავაზების შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, მიუხედავად იმ თვალშისაცემი პროგრესისა ბევრი მიმართულებით, რომელიც ქვეყნებში განხორციელდა, კარგი თანამშრომლობა, ძალიან მნიშვნელოვანი ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ასე შემდეგ. მიმდინარე დღის წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია და ის გავლენას ახდენს რეფორმებზე. ჩვენ ეს ვიცით, რადგან იგივე გზა გვაქვს გავლილი, როდესაც ევროკავშირთან წევრობისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. მაშინ, როდესაც არ იცი, ზუსტად როდის გახდები ევროკავშირის წევრი, ვერ ხედავ გარკვეული რეფორმების გატარების აზრს. ჩვენ ეს კარგად გვესმის, როგორც ახალ წევრებს, ზოგიერთ ჩვენს დასავლელ კოლეგას ნაკლებად, მაგრამ ასევე ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომ ეს თანაბარი შესაძლებლობის სივრცეა“, – განაცხადა იანეზ იანშამ.