სიმსუქნე შესაძლოა, თავის ტვინის ზომის შემცირებას იწვევდეს - ახალი კვლევა
რაც უფრო ბევრს იკვლევენ მეცნიერები სიმსუქნეს, უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მისი შედეგები იმაზე გაცილებით შორს მიდის, ვიდრე ყველასთვის კარგად ცნობილი ეფექტები ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
როგორც ირკვევა, მნიშვნელოვნად ზიანდება ჭარბწონიან ადამიანთა ტვინიც, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზები და ეფექტები ჯერჯერობით უცნობია. აშკარა კი ის არის, რომ სიმსუქნე დაკავშირებულია ტვინის „შეკუმშვასთან“. ახალმა კვლევამ ეს კავშირი უფრო გაამყარა.
გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის კვლევაში ჩართული 12 000 ადამიანის მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ორგანიზმში ცხიმის მაღალი დონე დაკავშირებულია ტვინის ფორმისა და სტრუქტურის ცვლილებასთან; მათ შორის, მცირდება რუხი ნივთიერების რაოდენობა. თავის ტვინის რუხი ნივთიერება არის ნეირონებით მდიდარი მასა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი შემეცნებითი აქტივობის უდიდესი ნაწილის დამუშავებაზე.
ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგის, ილონა დეკერსის განცხადებით, მათმა კვლევამ დაადგინა, რომ ორგანიზმში გადანაწილებული ცხიმის მაღალი დონე დაკავშირებულია ტვინის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურების მცირე მოცულობასთან; მათ შორის არის რუხი ნივთიერებების სტრუქტურები, რომლებიც თავის ტვინის ცენტრში მდებარეობს.
აღნიშნული შედეგები ემთხვევა სხვა ჯგუფის მიერ იანვარში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელმაც მონაცემები ასევე გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან აიღო. მათი დასკვნით, მუცლის ჭარბი ცხიმი დაკავშირებულია ტვინის შემაშფოთებელ დონემდე „შეკუმშვასთან“.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 45-76 წლის ადამიანები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ამ კავშირის ხასიათი განსხვავებულია ქალებსა და კაცებში.
კაცებში მთლიანი სხეულის ცხიმის მაღალი ოდენობა დაკავშირებული აღმოჩნდა რუხი ნივთიერების რაოდენობის შემცირებასთან, მათ შორის იყო თალამუსისა და ჰიპოკამპუსის სტრუქტურები, მაგრამ უცვლელი რჩებოდა ამიგდალა, იგივე ნუშისებრი სხეული.
ქალებში კი ცხიმის მაღალი ოდენობა დაკავშირებული აღმოჩნდა რუხი ნივთიერების მხოლოდ ერთი ნაწილის მოცულობის შემცირებასთან; ეს გახლავთ პალეოსტრიატუმი — ტვინის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოხალისეობრივ საქმიანობასთან.
დაზარალებული მხოლოდ რუხი ნივთიერებები როდი აღმოჩნდა. კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ორგანიზმში ცხიმის მაღალი შემცველობა აზიანებს თავის ტვინის თეთრ ნივთიერებასაც — ქსოვილს, რომელიც მართავს კავშირებს ორგანოებს შორის. დადგინდა მიკროსკოპული ცვლილებები მის სტრუქტურაში, თუმცა, ამ ცვლილებათა ზუსტი ეფექტები ჯერ უცნობია.
მკვლევრები აცნობიერებენ იმასაც, რომ შეზღუდული ოდენობის მონაცემების გამო, მათმა კვლევამ ვერ მოძებნა ნამდვილი შემეცნებითი შესუსტება მონაწილეებში; დადგინდა მხოლოდ ტვინის სტრუქტურათა ცვლილება.
გამომდინარე აქედან, რჩება მხოლოდ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რას შეიძლება იწვევდეს რუხი ნივთიერების შემცირება ქცევითი თვალსაზრისით. მკვლევრები აღნიშნავენ იმასაც, რომ უცნობია, რა მიზეზობრივ კავშირს აქვს ადგილი ამ შემთხვევაში.
როგორც კვლევაში წერია, გარდა იმისა, რომ სიმსუქნე გავლენას ახდენს ტვინის სტრუქტურაზე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს უკუმიმართულკების კავშირებსაც, რომელსაც უნდა მართავდეს ნეირონული გავლენა სხეულის წონის რეგულაციასა და ჭამის ქცევას შორის.
მკვლევართა განცხადებით, სიმსუქნის დროს რუხ ნივთიერებათა ოდენობა ძირითადად შემცირებულია წინა ტვინსა და ლიმბურ ტვინში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჭამის ქცევის რეგულაციაზე შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ამ ზონებში შემცირებული რუხი ნივთიერების დამთრგუნველი კონტროლირების უნარის შეცვლა.
კვლევა ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია press.rsna.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.