რატომ აქვთ უსინათლო ადამიანებს უფრო მახვილი სმენა - ახალი კვლევა
რატომ აქვთ უსინათლო ადამიანებს უფრო მახვილი სმენა - ახალი კვლევა

ყველა ადამიანს ერთნაირად არ ესმის. როგორც არაერთმა კვლევამ აჩვენა, ადამიანებს, რომლებიც ადრეულ ასაკში დაბრმავდნენ, სმენა გაცილებით გაძლიერებული აქვთ, ვიდრე მხედველობის მქონე ინდივიდებს. ახალი კვლევის ფარგლებში, პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ამ ფენომენის ნევროლოგიური საფუძველი გაარკვიეს.

ზოგადი წარმოდგენა, რომ უსინათლო ადამიანებს გაცილებით ძლიერი სმენა აქვთ, სულაც არ არის ცრურწმენა. ეს და კიდევ სხვა უპირატესობები მეცნიერულად არის დამტკიცებული. თუმცა, უცნობი რჩებოდა ტვინის ის მექანიზმები, რომლებიც ამ უპირატესობებზეა პასუხისმგებელი.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ხდება ტვინში ეს ყოველივე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა იონ ფაინმა და მისმა ჯგუფმა ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენა. მხედველობის მქონე საკონტროლო ჯგუფში და უსინათლო ადამიანებში ისინი აკვირდებოდნენ თავის ტვინის ქერქის სმენით ზონას, ანუ იმ ნაწილს რომელიც სმენით მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს.

მონაწილეთაგან ოთხს მხედველობა ადრეულ ასაკში ჰქონდა დაკარგული, ხუთს კი ჰქონდა ანოფთალმი, ანუ თვალის განუვითარებლობა. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეებს ასმენინებდნენ სხვადასხვა სიხშირის სუფთა ტონებს, რა დროსაც მათი ტვინის აქტივობას ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი იწერდა. იგივე პროცედურა გაიარა მხედველობის მქონე საკონტროლო ჯგუფმაც.

შედეგების ანალიზისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე უსინათლო ადამიანები პროცესს უფრო ვიწრო, ზუსტ სიხშირეთა ზოლის სიგანეში აანალიზებდნენ, ვიდრე მხედველობის მქონე ინდივიდები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სიხშირეთა შეგრძნების შესწორება მათი ტვინის ქერქის სმენით ზონაში უფრო დახვეწილია, ვიდრე მხედველობის მქონე ადამიანებში.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, კელი ჩანგის განცხადებით, მათმა კვლევამ აჩვენა, რომ უსინათლო ადამიანთა ტვინს უკეთესად შეუძლია სიხშირეთა აღქმა. მისივე თქმით, მხედველობის მქონე ადამიანისთვის ხმის ასე აღქმა ასე მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მას ობიექტთა შესაცნობად აქვს მხედველობა, უსინათლო ადამიანებს კი მხოლოდ სმენით მიღებული ინფორმაცია.

შედეგად, ჩნდება გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, თუ ტვინში მომხდარი რა ცვლილებები განაპირობებს, რომ უსინათლო ადამიანები ხმას უკეთ აღიქვამენ და ამუშავებენ.

მიუხედავად ექსპერიმენტის მცირე მასშტაბებისა, ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები პირველი მტკიცებულებაა იმ სისტემატიური ცვლილებებისა, რომლებიც ადამიანის თავის ტვინის ქერქის სმენით ზონაში მხედველობის დაკარგვის შემდეგ ხდება.

უცნობი რჩება, როგორ ივითარებს თავის ტვინის ქერქის სმენითი ზონა ნეიროპლასტიკურობის ამ ფორმას. თუმცა, როგორც ჯგუფი კვლევაში აღნიშნავს, ეს შეიძლება იყოს განვითარებადი ადაპტაცია ადრეული სიბრმავისადმი, ვიზუალის დეპრივაციის თანმდევი ეფექტები და/ან სიბრმავის გამო წარმოქმნილი დიფერენციალური სმენის მოთხოვნები.

სამომავლოდ, ამ ექსპერიმენტის ჩატარებას მეცნიერები უფრო დიდ მასშტაბებში გეგმავენ.

კვლევა ჟურნალ The Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია washington.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.