ადამიანისა და რვაფეხას თავის ტვინს შორის უცნაური მსგავსება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ადამიანისა და რვაფეხას თავის ტვინს შორის უცნაური მსგავსება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ რვაფეხები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე საშუალოდ ბევრი ხერხემლიანი, მაგრამ ახალი აღმოჩენა მიუთითებს ერთ-ერთ მიზეზზე, თუ რატომ არის ასე: სპეციფიკური მოლეკულური ანალოგია ადამიანის თავის ტვინთან.

როგორც ადამიანის, ისე რვაფეხას გენომი შეიცავს დიდი ოდენობით „მოხტუნავე გენებს“, იგივე ტრანსპოზონებს, რომლებსაც საკუთარი თავის დუბლირება ან გენომში მოძრაობა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი აქტიური არ არის, ეს ტრანსპოზონები განიხილება ნედლეულად ევოლუციური პროცესებისთვის.

ახალ კვლევაში, LINE-ს ოჯახის (დიდხანს შერწყმული ბირთვული ელემენტები) ტრანსპოზონები აღმოაჩინეს რვაფეხას თავის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც კოგნიტურ შესაძლებლობებს მართავს — იგივე წერტილში გვხვდება ისინი ადამიანის თავის ტვინშიც.

„სკამიდან წამოვხტი, როდესაც მიკროსკოპში დავინახე ამ ელემენტის აქტივობის ძალიან ძლიერი სიგნალი ვერტიკალურ ნაწილში, თავის ტვინის იმ სტრუქტურაში, რომელიც რვაფეხებში პასუხისმგებელია სწავლისა და კოგნიტურ შესაძლებლობებზე, ზუსტად ისე, როგორც ადამიანებში ჰიპოკამპუსში“, — იტალიის ანტონ დორნის ზოოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგი ჯოვანა პონტე.

ახალი კვლევები ცხადყოფს, რამდენად ფრთხილად რეგულირდება LINE ტრანსპოზონები ადამიანის თავის ტვინში და მიჩნეულია, რომ ისინი დაკავშირებულია სწავლასა და მეხსიერებასთან, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ყველაზე აქტიურია ჰიპოკამპუსში, საიდანაც კონტროლდება სწავლის პროცესები.

მას შემდეგ, რაც ეს მოხტუნავე გენები რვაფეხას ორი სხვადასხვა სახეობის თავის ტვინში ერთსა და იმავე ადგილას იპოვეს — ჩვეულებრივ რვაფეხაში (Octopus vulgaris) და კალიფორნიულ რვაფეხაში (Octopus bimaculoides), მკვლევრები ფიქრობენ, რომ შეიძლება მიაგნეს ზღვის ამ არსებათა მიერ გამოვლენილი მაღალი ინტელექტის საკვანძო მიზეზს.

ცნობილია, რომ ტრანსპოზონები მოლეკულური კოპირება-ჩასმის და ამოჭრა-ჩასმის მექანიზმებს იყენებენ, მაგრამ ეს კვლევა მიუთითებს, რომ იქ უფრო მეტი რამ ხდება — რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ნერვული სისტემის, მათ შორის თავის ტვინის კომპლექსურობასთან.

„რვაფეხას ორი სახეობის ტვინში აქტიური LINE ოჯახის ელემენტის აღმოჩენა ძლიერ მნიშვნელოვანია, რადგან აძლიერებს იდეას, რომ ამ ელემენტებს აქვთ სპეციფიკური ფუნქცია, რომელიც კოპირება-ჩასმას სცდება“, — ამბობს კომპიუტერული გენომიკოსი რემო სანჯესი.

გარდა ამისა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ჩვენ წინაშე შეიძლება იყოს კონვერგენციული ევოლუციის მაგალითი: როდესაც ერთნაირი თვისებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება სრულიად არამონათესავე სახეობებში და უზრუნველყოფს იმავე ადაპტაციას, რაც ამ შემთხვევაში არის უმაღლესი შემეცნებითი შესაძლებლობები.

მეცნიერები განაგრძობენ იმ ევოლუციური ხრიკებისა და ნევროლოგიური პასუხების ძებნას, რომელიც რვაფეხებს ასე გამოარჩევს უხერხემლოებს შორის და რომლებიც მათ უფრო ძუძუმწოვრების მსგავსს ხდის თავის ტვინის სტრუქტურისა და აქტივობის თვალსაზრისით.

„რვაფეხას თავის ტვინი მრავალი მახასიათებლით ძუძუმწოვრების ტვინის ფუნქციური ანალოგია. ამ მიზეზით, LINE ელემენტის იდენტიფიცირება წარმოადგენს შესწავლის ძალიან კარგ კანდიდატს, რათა გავიუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა ინტელექტის ევოლუციის შესახებ“, — ამბობს იტალიის ანტონ დორნის ზოოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგი გრაციანო ფიორიტო.

კვლევა BMC Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sissa.it-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი