FDA-მ წონაში კლების ახალი, ძლიერ ეფექტიანი პრეპარატი დაამტკიცა — #1tvმეცნიერება
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Eli Lilly-ს მიერ წარმოებული წონაში კლების პრეპარატი, Zepbound-ი დაამტკიცა.
აშშ-ის ბაზარზე პრეპარატი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება და შეუერთდება უკვე არსებულ წარმატებულ პრეპარატებს, Novo Nordisk-ის Ozempic-სა და Wegovy-ს. ახალ პრეპარატს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
JPMorgan-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, წონაში კლების GLP-1 კატეგორიის პრეპარატების წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 2032 წლისთვის 140 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ბაზრის დომინანტები Eli Lilly და Novo Nordisk-ი იქნებიან.
Zepbound კვირაში ერთხელ, ინიექციის სახით კეთდება და განკუთვნილია იმ ჭარბწონიან პაციენტთათვის, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული სულ მცირე ერთი დაავადება მაინც აწუხებთ, მაგალითად, სისხლის მაღალი წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინი.
„სიმსუქნე და ჭარბწონიანობა სერიოზული დაავადებებია და შეიძლება სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც გახდნენ, მათ შორის, გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტის. მაშინ, როდესაც აშშ-ში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის მაჩვენებლები იზრდება, ახალი პრეპარატის დამტკიცება მნიშვნელოვანია საჭიროების თვალსაზრისით“, — ამბობს FDA-ს წარმომადგენელი ჯონ შარეტსი.
Zepbound-ში შემავალი აქტიური ნივთიერება ტირზეპატიდი აქამდეც იყო დამტკიცებული სავაჭრო სახელით Mounjaro, რომელიც დიაბეტის საკონტროლებლად გამოიყენება და ასევე Eli Lilly-ის ნაწარმია.
კლინიკურ ცდაში 2500 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა; ისინი Zepbound-იღებდნენ, იცავდნენ დიეტას და ვარჯიშობდნენ. დაშვებული მაქსიმალური დოზის მიღებისას, წონის კლება საშუალოდ 22 კილოგრამი იყო, ყველაზე დაბალი დონის მიღებისას კი 15,4 კგ. პლაცებოს შემთხვევაში წონის კლება საშუალოდ მხოლოდ 3 კგ იყო.
ცდის დაწყებისას, მონაწილეთა საშუალო წონა 105 კგ იყო.
ზრდასრული ამერიკელების დაახლოებით 70 პროცენტი მსუქანი ან ჭარბწონიანია; დიეტისა და ვარჯიშის შედეგად სხეულის მასის 5-10 პროცენტის კლება დაკავშირებული აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებასთან.
„ახალი პრეპარატი იმედს გაუჩენს მრავალ ჭარბწონიან ადამიანს, რომლებსაც ეს დაავადება ტანჯავთ და წონის მენეჯმენტის უკეთეს ვარიანტებს ეძებენ“, — ამბობს ორგანიზაცია Obesity Action Coalition-ის ხელმძღვანელი ჯო ნადგლოვსკი.
Zepbound-ის ფასი საკმაოდ მაღალია, ერთი თვის დოზა 1060 დოლარი ღირს.
მზარდი პოპულარობის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ წონაში კლების პრეპარატთა ახალი კლასი, სახელად GLP-1, ამაღლებს კუჭ-ნაწლავის გარკვეულ პრობლემათა რისკს.
მათ შორის არის კუჭის პარალიზი, პანკრეატიტი და ნაწლავის გაუვალობა.
„მართალია, ეს გვერდითი ეფექტები იშვიათია, მაგრამ ამ პრეპარატთა ფართო მოხმარებიდან გამომდინარე, პაციენტებმა მაინც უნდა გაითვალისწინონ“, — ამბობს კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი მოჰიტ სოდი.
FDA-ს განცხადებით, Zepbound-ის გვერდით ეფექტებს შორის არის ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მუცელში დისკომფორტი და ტკივილი, რეაქცია ნანემსარ ადგილზე, დაღლილობა, ალერგიული რეაქციები, ბოყინი, თმის ცვენა და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიერ.