FDA-მ დაამტკიცა წონაში კლების ახალი პრეპარატი, რომელიც „თამაშის წესებს შეცვლის“ — #1tvმეცნიერება
FDA-მ დაამტკიცა წონაში კლების ახალი პრეპარატი, რომელიც „თამაშის წესებს შეცვლის“ — #1tvმეცნიერება

წონაში კლების პრეპარატი, რომელმაც სიმსუქნის მკვლევართა აზრით, „თამაშის წესები უნდა შეცვალოს“, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც სააგენტომ ასეთ პრეპარატს მწვანე შუქი აუნთო.

Wegovy — წონის კონტროლის წამალი, რომელსაც დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ი გამოუშვებს, წონის კლების პირველი პრეპარატია, რომელიც FDA-მ 2014 წლის შემდეგ დაამტკიცა, მაგრამ არ გახლავთ მთლად ახალი პრეპარატი.

იგივე წამალი, სახელად სემაგლუტიდი, უკვე დიდი ხანია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, ბოლო პერიოდში მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ განსხვავებული დოზირებით მიღებისას, სემაგლუტიდი ძლიერ და ეფექტიანად თრგუნავს მადასაც.

წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევაში 2000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა 16 სხვადასხვა ქვეყნიდან; მკვლევართა ცნობით, ამ პრეპარატით გრძელვადიანმა მკურნალობამ ადამიანთა ამ ჯგუფში წონის საშუალოდ 15 პროცენტით კვლევა გამოიწვია.

ზოგმა უფრო მეტიც დაიკლო; ჯგუფის წევრთა 30-მა პროცენტმა სხეულის წონის 20 პროცენტი დაკარგა, რასაც მეცნიერები გამორჩეულ შედეგს უწოდებენ.

„წონის კლების ამ მაჩვენებელთან ახლოსაც ვერ მიდის ვერც ერთი სხვა პრეპარატი, თამაშის წესები ნამდვილად იცვლება. პირველად ისტორიაში, ადამიანები პრეპარატით დაიკლებენ იმდენს, რამდენიც აქამდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი“, — ამბობდა მაშინ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სიმსუქნის მკვლევარი რეიჩელ ბეტერჰამი.

ამჯერად, საქმეში FDA-ც ჩაერთო. პარასკევს, სააგენტომ განაცხადა, რომ სემაგლუტიდი ქრონიკული წონის მართვისთვის დაამტკიცა მსუქანი ან ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული სულ მცირე ერთი დაავადება აქვთ (მაგალითად, სისხლის მაღალი წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე).

პრეპარატს დაამზადებს აშშ-ში თვის ბოლოს შეიტანს დანიური კომპანია Novo Nordisk-ი; კვირაში ერთხელ ინექციის სახით გაკეთდება და ორგანიზმში შეიყვანს გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ს (GLP-1), რაც მიმღებ ადამიანს სიმაძღრის შეგრძნებას გვრის და შესაბამისად, მადას უქვეითებს.

Wegovy-ს ფორმულის დამტკიცებისას, FDA-მ გაითვალისწინე ოთხი სხვადასხვა ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური ცდის შედეგები; ცდები 68 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეობას იღებდა ჯამში 4500 ადამიანი, რომლებსაც შემთხვევითობით აძლევდნენ პრეპარატ Wegovy-ს ან პლაცებოს (ეფექტის არმქონე საშუალება).

გარკვეული პარამეტრებიდან გამომდინარე, თითოეული ცდის შედეგები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება, მაგრამ Novo Nordisk-ი აღნიშნავს, რომ 68 კვირის განმავლობაში, ჭარბწონიან მონაწილეებში (რომლებსაც არ ჰქონდათ მე-2 ტიპის დიაბეტი) შენარჩუნდა წონის კლების საშუალოდ 17-18-პროცენტიანი მაჩვენებელი; Wegovy-ს მიღების პარალელურად, მათი კვების რაციონში შემცირებული იყო კალორიები და გაზრდილი იყო ფიზიკური აქტივობა.

პლაცებოს ჯგუფში წონის კლების მაჩვენებელი გაცილებით დაბალი აღმოჩნდა. ერთ-ერთ ცდაში, რომელშიც Wegovy-ს ჯგუფში სხეულის წონის კლების მაჩვენებელი საშუალოდ 14,9 პროცენტი იყო, პლაცებოს ჯგუფში ის მხოლოდ 2,4 პროცენტს შეადგენდა. სხვა მხრივ, პირობები აბსოლუტურად ერთნაირი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სემაგლუტიდი ადამიანებს ეხმარება, რომ ნაკლები ჭამონ.

გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში სრულწლოვნების თითქმის სამი-მეოთხედი (73,6 პროცენტი) მსუქანი ან ჭარბწონიანია, ჩნდება იმედი, რომ ახალი პრეპარატი ათასობით ადამიანს წონასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

მათ კი, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს ამ პრეპარატის მიღებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ კვლევაში მონაწილე მრავალი ადამიანი იუწყებოდა ისეთი მსუბუქი და საშუალო ეფექტების შესახებ, როგორებიც არის ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა და მუცლის ტკივილი.

ასეთი დისკომფორტი კვლევის ზოგიერთი მონაწილისთვის საკმარისი აღმოჩნდა მკურნალობის შესაჩერებლად, მაგრამ ბევრმა, რომლებმაც გვერდითი ეფექტები ვერ იგრძნეს ან აიტანეს, ადვილად მიაღწიეს მთელი ცხოვრების შემცვლელ შედეგს.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც მედიკამენტის საშუალებით ამ მასშტაბის წონის კლება ვიხილეთ. FDA-ის მიერ დამტკიცება ჭარბწონიან ადამიანებს საშუალებას მისცემს, კვირაში ერთხელ ნემსის სახით მიიღონ წამალი და თავი აარიდონ ქირურგიულ ჩარევას; შედეგი კი ისეთია, როგორიც წონის კლების არც ერთ სხვა პრეპარატს აქამდე არ გამოუვლენია“, — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სიმსუქნის ექსპერტი რობერტ კუშნერი.

მიუხედავად იმისა, რომ Novo Nordisk-ი პრეპარატის ფასს ჯერ არ ასახელებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი თვიური დოზის ფასი დაახლოებით 1300 დოლარი იქნება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.