სილვია შტიობერი - გერმანული მედია ცდილობს, მემარჯვენე რადიკალური და მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიები ერთმანეთისგან გამიჯნოს
ნეონაცისტური მიმართულების ჯგუფების დაფინანსება გერმანიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის თემაა, მაგრამ მარტივი საქმე არ არის, რადგან ასეთი ჯგუფებისა თუ პარტიების დაფინანსება შედარებით მცირე საბანკო ანგარიშებითა და სრულიად სხვა სახელწოდებებით ხდება, – განაცხადა შტიობერმა.
„სამხილები და მტკიცებულებები შესაძლოა, მოაგროვო, მაგრამ მთავარია, ეს დამტკიცდეს და საზოგადოებას სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდო. გერმანიაში მაგალითად, სკრიპალის შემთხვევაზე ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი და მტკიცებულებას ითხოვდა, რადგან რუსეთის დადანაშაულება მომენტალურად ხდებოდა. ეს ქვეყანა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც პირდაპირ დაადანაშაულა. ცხადია, ყოველთვის შეიძლება, სამხილები მოიკითხო, მაგრამ სამხილები სამართლებრივი სახელმწიფოსთვის საკმარისი არ არის. იმისთვის, რათა ამ ყველაფერს დაუჯერო, საკმაოდ სარწმუნო მტკიცებულებები უნდა არსებობდეს“, – განაცხადა შტიობერმა.
სილვია შტიობერის თქმით, გერმანული მედია ცდილობს, მემარჯვენე რადიკალური და მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიები ერთმანეთისგან გამიჯნოს.
„მემარჯვენე რადიკალური არის სურვილი, ან მოთხოვნა სახელმწიფოს შესაცვლელად, მაგრამ კონსტიტუციის ფარგლებში. მემარჯვენე ექსტრემისტული კი არის მოთხოვნა სახელმწიფოს შესაცვლელად და მასთან ერთად კონსტიტუციის, ძირითადი კანონის შეცვლა, ან მისი უგულებელყოფა, დარღვევა და გადაბიჯება. როდესაც კონსტიტუციიდან ამოდიხარ, ყველა გამონათქვამისთვის ადგილის გამონახვა და კონკრეტული, ზუსტი გამონათქვამების მოძებნა რთულია, მაგრამ ჟურნალისტები კონსტიტუციიდან ამოდიან“, – განაცხადა შტიობერმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საქართველოში 17 მაისს მომხდარ ამბავზე რომ რეპორტაჟს წერდეს, რა ტერმინით მოიხსენიებდა ის პარტია „პატრიოტთა ალიანსს“, „ქართულ მარშსა“ და მასთან დაკავშირებულ მოძრაობებს, სილვია შტიობერმა აღნიშნა, რომ ეს მარტივი არ არის.
როგორც შტიობერმა აღნიშნა, არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსზე“ ძალიან ბევრჯერ დაწერა, რომ ეს არის ულტრანაციონალისტური, ულტრაკონსერვატიული პარტია
„შესაძლოა, ამა თუ იმ პარტიაში, ან დაჯგუფებაში ცალკეული გამონათქვამები არსებობდეს, მაგრამ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდე, რა გამონათქვამი გააკეთო. საჭიროა, ცალკეული გამონათქვამების კლასიფიცირება მოხდეს“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.