ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანული მედია რუსულ მედიასაშუალებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანული მედია რუსულ მედიასაშუალებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

ბერლინის ცენტრში ხანგოშვილის მკვლელობიდან თითქმის ერთ თვეში, გერმანულმა ტელერადიომაუწყებლობის კომპანია „დოიჩე ველემ“, რუსული მედიის მიერ გავრცელებული პუბლიკაციები გააანალიზა და მთელი რიგი უსაფუძვლო მტკიცებულებები აღმოაჩინა.

გერმანული გამოცემა წერს, რომ რამდენიმე რუსული მედიასაშუალება მსხვერპლის დისკრედიტაციას თავიდანვე ცდილობდა. „დოიჩე ველეს“ მაგალითად „კომერსანტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოჰყავს, რომლის მიხედვით, ზელიმხან ხანგოშვილის მოკვლა მხოლოდ ჩეჩნებს შეეძლოთ. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, რუსული მედიასაშუალებები მსხვერპლს ისლამიზმში ადანაშაულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის გვარი ამოღებული იყო იმ ხალხის სიიდან, რომლებიც ქვეყნისთვის ისლამისტურ საფრთხეს წარმოადგენენ.

ბელინგქეთის“ გამოძიებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისლამისტური იდეოლოგიის მიმართ ხანგოშვილის მხარდაჭერაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ხანგოშვილის ნათესავების განცხადებით, აღნიშნული სტიგმის დამკვიდრებას რუსეთი ცდილობდა, რომ მისი ექსტრადიცია მოეხდინა.

ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში 23 აგვისტოს მოკლეს. რუსეთში ხანგოშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით იყო ძებნა გამოცხადებული. ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მკვლელობის შემდეგ, „ვოლ სთრით ჯორნალმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკელი სპეცსამსახურები ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურებს ხედავენ.