სილვია შტიობერი - ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ყალბი ინფორმაცია არ გავრცელდეს
სილვია შტიობერი - ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ყალბი ინფორმაცია არ გავრცელდეს

არსებული ხელისუფლების მმართველობის მეორე პერიოდში არსებობს პარალელური ტენდენციები, განსაკუთრებით მასმედიის გაძლიერების მხრივ, – ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, სილვია შტიობერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმავდროულად, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის არსებობს ახალი ლიცენზია. ამას ემატება ის გარემოება, რაც შეიცვალა – ინტერნეტი, რომელმაც სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი დაიკავა, ვიდრე ათი წლის წინ – 2008 წელს, ან რომელიმე სხვა წელს. ასევე, საპროტესტო აქციები ორივე მხრიდან; მანიპულაციების მცდელობები. შესაძლოა, გარედან მომავალი მანიპულაციები. იმედია, ეს პოლარიზაცია არ გაძლიერდება. ასევე, არის დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემა, რაც ყველასთვის ძალიან ცუდი და დიდი ზიანის მომტანია“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.

ამ განცხადებით სილვია შტიობერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა განსხვავებაა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელ მედიაპრობლემებსა და ახლანდელ მედიაპრობლემებს შორის.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, გერმანიაში, სტაბილური, ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყანაში მოხდეს ისეთი შემთხვევა, როცა პოლიტიკა კონკრეტულ მედიაპროდუქტს თავისი მიზნებისთვის ინსტრუმენტად იყენებს, როგორც ეს ქართულ რეალობაში მოხდა, როცა გიორგი გახარიას გაპრემიერების შემდეგ, „დოიჩე ველეს“ ინგლისურმა რედაქციამ სათაურში ოპოზიციის აზრი ბრჭყალებით გამოიტანა, პოლიტიკურმა ძალებმა კი ეს თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს, სილვია შტიობერმა განაცხადა, რომ ხშირად ხდება, როცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ბრჭყალებში მოცემული ციტატა კონკრეტულ მედიასაშუალებას მიეწერება, როგორც ამ შემთხვევაში „დოიჩე ველეს“ მიეწერა.

„პრობლემა არის ის, რომ ყველაფერი ბევრად სწრაფად იცვლება. მაგალითად, ამის გამეორება, გამრავლება, გავრცელება „ტვიტერზე“, ან „ფეისბუქზე“ ხდება და წარმოშობის წყარო ყველას ავიწყდება. წყაროს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. იმიტომ, რომ ყველას თავისი მიზნების განხორციელება უნდა. ალბათ, მთავარი ის არის, რომ არ გაყალბდეს, ზუსტად როდის რა ითქვა. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ყალბი ინფორმაცია არ გავრცელდეს“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.

შეკითხვაზე, ისევ აქტიურად ებრძვიან თუ არა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს და მას „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ ე.წ ტროლები, სილვია შტიობერმა განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ფენომენია.

„როდესაც ჟურნალისტი ხარ და რუსეთზე გამოთქვამ მოსაზრებას, ყოველთვის თავდასხმის ობიექტი ხარ. ყოველთვის საგნობრივი, საქმიანი გაშუქებისკენ მოგიწოდებენ. თითქოს, რუსეთი გვეზიზღება და მასზე სიძულვილის შემცველ ინფორმაციას ვავრცელებდეთ. აქ საუბარია ხოლმე ერთ პიროვნებაზე, ან სხვა ადამიანებზე. უნდა შეეცადო, ესაუბრო ადამიანებს, რომლებსაც ხმას მიაწვდენ, რომ ეს რუსეთის საწინააღმდეგო ქმედება არ არის და რომ ეს არის გაშუქების რეალური მცდელობა, თუ რა ხდება რუსეთში. მაგალითად, გერმანიაში ქართველი მოკლეს. ამაზე ინფორმაციის მოძიება და გაშუქება კი რუსულმა მხარემ გააპროტესტა. ასევე, ამაში ჩართული იყვნენ რუსული სპეცსამსახურები“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.

შეკითხვაზე, ჰქონია თუ არა მას პრობლემა ქართველი „ტროლების“ მხრიდან და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა „ფეისბუქზე“ ექსპრეზიდენტის მომხრეები ან მოწინააღმდეგეები ლანძღავდნენ, შტიობერმა აღნიშნა, რომ მის სტატიებზე კომენტარები იყო. თუმცა, უფრო მეტად, ეს იყო კონფლიქტი სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, რა თემატიკა, რა რიტორიკა უნდა გამოიყენოს.

„ქართველები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, ძალიან კრიტიკულნი არიან, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა ამ მიმართულებით ნაკლებს აკეთებს. ხანდახან, აჭარბებენ ხოლმე, მაგრამ არსებობს გერმანული პუბლიკა, გერმანული მსმენელი და გარკვეული ტერმინი უნდა განმარტო. ქართულ ტერმინს გერმანულ რეალობაში ასე მარტივად, პირდაპირ ვერ ჩასვამ“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.

დატოვე კომენტარი