სილვია შტიობერი - უნდა შედიოდეს თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, ეს ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტია
სილვია შტიობერი - უნდა შედიოდეს თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, ეს ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტია

უნდა შედიოდეს თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, მაპატიეთ, მაგრამ ეს ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ როგორი იქნება საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ორი რეგიონის მიმართ, – განაცხადა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, სილვია შტიობერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„რა იქნება, საქართველომ რომ თქვას – კი ბატონო, ამაზე უარს ვიტყვით, იქიდან გამომდინარე, მიგვიღებენ თუ არა ნატო-ში, ამ კუთხით ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დავსვამდი. რა თქმა უნდა, საქართველო არის ძალიან წინ წასული; ის ძალიან აქტიურია ავღანეთში მონაწილეობის მხრივ. ამის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით, არ არის ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ამიტომ, მინდა, საქართველომ დაიწყოს ეს დისკუსია, რაც თავად საქართველოსთვის აუცილებელი და გადამწყვეტია“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.

მისი თქმით, როცა ნატო-ს გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით რა უნდა მოხდეს, გერმანულ მოსახლეობაში არა მხოლოდ სკეპტიციზმი, არამედ შიში არსებობს, მაგრამ პოლიტიკოსებმა მოსახლეობას უნდა აუხსნან, რომ გერმანიის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ვალია, ნატო-ს მოქმედებებში მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის კუთხით.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა დრო დასჭირდებათ გერმანულ პოლიტიკურ ელიტებს, რომ გაბედონ და რეალურად დაძრან სიტყვა ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთ გაფართოებაზე, სილვია შტიობერმა განაცხადა, რომ ამის თქმა ძალიან რთულია.

„უბრალოდ, რეალობას უნდა მივუბრუნდეთ, რა მდგომარეობაა ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს არ არის მარტივი. ნატო-სა და ევროკავშირის წევრები, თითქოს, ბოლომდე აღარ არიან ერთმანეთთან და ისე მჭიდროდ აღარ თანამშრომლობენ. ორივე კუთხით უნდა ითქვას გულწრფელად, რა არის რეალისტური. იმავდროულად, უნდა განიმარტოს, რას მიიღებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა რა მიიღეს. მაგალითად, ნორვეგიამ. საბოლოო ჯამში, საქართველო ევროკავშირს ძალიან დაუახლოვდება და შეიძლება, უფრო მეტად, ვიდრე ევროკავშირში ზოგიერთი სახელმწიფო, ან როგორც შვეიცარია და ნორვეგია, როგორც არა ევროკავშირის ქვეყნები“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.