„შპიგელი“ წერს, რომ ხანგოშვილის მკვლელობამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მიიღო
„შპიგელი“ წერს, რომ ხანგოშვილის მკვლელობამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მიიღო

ხანგოშვილის მკვლელობამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მივიღეთ, – ამის შესახებ გავლენიანი გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.

„წერილში მამაკაცი აცხადებს, რომ ადამიანებს, ვინც საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ემუქრებიან, მათ შორის დაემუქრნენ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს და მის ძმა ზურაბ ხანგოშვილს. წერილი რედაქციამ 20 აგვისტოს მიიღო. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც „შპიგელი“ ამტკიცებს, წერილში ასევე საუბარია, რომ ხანგოშვილის ოჯახს საქართველოში დღესაც „დიდი საფრთხე“ ემუქრება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის მეუღლეს და ბავშვებს გერმანიაში დარჩენის უფლება 30 ნოემბრამდე აქვთ. გამოცემის ცნობითვე, თუ ისინი თავშესაფარს არ მიიღებენ, მათ საქართველოში დეპორტაცია ელით.

„შპიგელი“ რამდენიმე გერმანელ დეპუტატს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში დარჩენის საშუალება უნდა მისცენ. გამოცემის ინფორმაციით, ასეთი მოწოდებით გამოდიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების წევრებიც.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. პოლიციამ დამნაშავის დაკავება მალევე შეძლო. ის 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომლის იდენტიფიცირება ჯერ ოფიციალურად არ მომხდარა.