გერმანული მედია - ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო
გერმანული მედია - ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო

გერმანული მედიის ცნობით, გამოძიება მიიჩნევს, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.

„შპიგელის“ ინფორმაციით, ნატო-ს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს.

როგორც ცნობილია, გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ დააკავეს რუსეთის 49 წლის მოქალაქე. მედიის ცნობით, დაპატიმრებული გერმანიაში მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა და ქვეყნის დატოვებას აპირებდა. გამოძიების ცნობით, ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც, რომელიც მაყუჩით არის აღჭურვილი. ამჟამად რუსეთის მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

„ბერლინერ კურიერის“ ცნობით, ხანგოშვილის მკვლელი წარმოშობით ჩეჩენია. ამავე დროს გამოცემა ხანგოშვილის მკვლელობისა და 2012 წელს საქართველოში, კერძოდ, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის კავშირზე მიუთითებს. გამოცემის ცნობით, 2012 წელს ხანგოშვილი ლოპოტას ხეობაში დაბანაკებული ისლამისტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს. როგორც გერმანული მედია იუწყება, მოკლული წარსულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული სამმართველოს თანამშრომელი იყო. „შპიგელის“ ინფორმაციით, საქართველოში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად.