სიეტლში მდებარე რუსეთის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა. შენობა დაცლილია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსულ მხარეს უწყების დასატოვებლად ვადა პირველ აპრილამდე მისცა. საკონსულოს კუთვნილი ნივთები კი გენერალური კონსულის რეზიდენციაშია გადატანილი, სადაც უკვე ამოქმედდა დროებითი შტაბი. რეზიდენციის დასაცლელად კი კონსულს ვადა 24 აპრილამდე აქვს.
გასულ კვირას ვაშინგტონმა 48 რუსი დიპლომატისა და გაეროში რუსეთის მისიის 12 წარმომადგენლის გაძევების შესახებ გამოაცხადა. მიზეზი დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობაა, რომელმაც რუსი ორმაგი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისა და ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამო, დიდი ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.