შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთს, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთს, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს პასუხის მოთხოვნას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთაშორისო წესებს არღვევენ, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრედრიკ ლოდკუისტმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.

„შვედეთი, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, ძალიან მკაფიოა თავის დამოკიდებულებაში: როდესაც ქვეყანა, რუსეთის მსგავსად არღვევს საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპებს და ევროპის უსაფრთხოების წესრიგს, ჰელსინკის საბოლოო აქტს, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს პარიზის ქარტიიდან, რომელიც ყოველ ქვეყანას აძლევს უფლებას თავად განსაზღვროს მისთვის სასურველი უსაფრთხოების პოლიტიკა, ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ მას, ვაკრიტიკებთ რუსეთს, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ეროვნულ დონეზე, ევროკავშირის ფორმატში რუსეთისთვის სანქციების დაკისრებით და აგრეთვე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს პასუხის მოთხოვნას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთაშორისო წესებს არღვევენ, თუმცა საჭიროა გარკვეული სახის პოლიტიკური დიალოგიც, რადგან ეს არის ერთგვარი გზაც, რომლითაც შეგვიძლია კონკრეტული ქვეყნები ანგარიშვალდებულები ვამყოფოთ“, – განაცხადა ფრედრიკ ლოდკუისტმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში გამოყენებული იყო უხეში ძალა.

„არ მინდა, ტერმინი „ჰიბრიდული ომი“ გამოვიყენო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა სამხედრო კომპონენტიც. საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში კი სწორედ ასე მოხდა, მათ წინააღმდეგ უხეში ძალა გამოიყენეს. ჰიბრიდული საფრთხეები კი დღევანდელი რეალობაა. ეს არის ანტაგონისტური მცდელობები, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დემოკრატიისა თუ გადაწყვეტილების მიღების სისტემისთვის ძირის გამოთხრას, ეს შეიძლება იყოს დეზინფორმაცია, კიბერშეტევა, საბოტაჟი, კორუფცია. ეს კომპლექსური საკითხია, რაზეც აქამდე არ ვსაუბრობდით. 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოვლენილმა რუსეთის აგრესიამ ეს უფრო ნათელი გახადა და საკითხი საერთაშორისო დისკუსიების ნაწილად იქცა. ნატო-მაც და ევროკავშირმაც თავის მხრივ ბევრი გააკეთა ამ გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა ფრედრიკ ლოდკუისტმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.