შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში რუსეთის შეჭრა სიურპრიზად იქცა ბევრი პარტნიორისთვის, მაგრამ საქართველოსთვის ახალი არაფერი მომხდარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციის შედეგებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში რუსეთის შეჭრა სიურპრიზად იქცა ბევრი პარტნიორისთვის, მაგრამ საქართველოსთვის ახალი არაფერი მომხდარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციის შედეგებს

ოპოზიციის მიერ „რუსეთის საკითხის“ უპასუხისმგებლო სპეკულირება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შეგნებული და გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს დეზინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში იმკიდა რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის, მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს. როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო. მანამდე კი გვახსოვს გადატვირთვებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთების კომფორტის გამო, მაშინდელი სამეზობლოს შემავიწროებელი დღეს გლობალური მასშტაბის აგრესორად იქცა. კარგი იქნებოდა, თუ ზოგიერთების თვალსაწიერი და მეხსიერების კალენდარი არა 2022 წლიდან, არამედ 1801 წლიდან, 1921 წლიდან ან თუნდაც 1989 წლიდან დაწყებულიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად

„ამას არ დაუბრკოლებია ჩვენი ქვეყანა, თავისი ღირსეული წვლილი შეეტანა მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებაში. წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. ჩვენი მამაცი სამხედროები იბრძოდნენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ ყველგან, სადაც ვჭირდებოდით ჩვენს მეგობრებს. არცერთი წამით, არცერთი სანტიმეტრით, არცერთ ადგილას უკან არ დაგვიხევია. შევდიოდით იქ, სადაც სხვები ვერ ბედავდნენ; ვასრულებდით სხვებისთვის შეუსრულებელ მისიებს და ოპერაციებს; იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად სხვებსაც მშვიდად სძინებოდათ. საქართველოს, ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს – ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, თუ რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს რადიკალიზმი და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა.

„ჩვენ არ გვიკვირს ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გულმავიწყობა, უმოქმედობა და უცაბედი გამოფხიზლება ამ ორი წლის წინ. ჩვენ გვიკვირს და გვტკივა ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი ოპოზიციის მცდელობა, ქვეყანა სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლების მოპოვების შანსი ჩაეგდოთ ხელში. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და ყველამ დაინახა, რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს რადიკალიზმი და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა. ჩვენ შევძელით, ქვეყნისთვის აგვერიდებინა სასიცოცხლო საფრთხეები და არა მარტო შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი, არამედ უპრეცედენტო ტემპებით წინ წაგვეწია ეკონომიკა და ისტორიული ნაბიჯები გადაგვედგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.