შვედეთის ელჩი - ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის, ამ გრძელვადიან პროცესში საქართველოს შეუძლია, შვედეთის იმედი ჰქონდეს
შვედეთის ელჩი - ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის, ამ გრძელვადიან პროცესში საქართველოს შეუძლია, შვედეთის იმედი ჰქონდეს

ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა, რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის. როდესაც ვუყურებთ პროცედურას, კრიტერიუმებს და ევროინტეგრაციის ისტორიას, ჩვენ ვიცით, როგორც ფაქტი, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ინიციატივის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ახლა პირველი ნაბიჯის სახით ელოდება ევროკომისიის მოსაზრებას ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

„ჩვენ ველით დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს მე არ დავიწყებ სპეკულაციას შედეგთან დაკავშირებით და არ გავაკეთებ რაიმე სახის ნაადრევ კომენტარებს. ჩვენ ახლა პირველი ნაბიჯის სახით ველით ევროკომისიის მოსაზრებას. მე ვიტყოდი, უფრო ზოგადი ბუნების სამ რამეს. პირველი, ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი პროცესია. ეს არ არის სპრინტი, ეს არის მარათონი. მე დღეს ვატარებ ჰალსტუხს, რომელიც მივიღე 2015 წელს ლატვიისგან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისგან. ლატვიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა 1995 წელს. მათ ევროკომისიისგან პირველი მოსაზრება ორი წლის შემდეგ მიიღეს და შემდგომი მოსაზრება კი 1999 წელს. მათ მოლაპარაკებები დაიწყეს 2000 წელს და ევროკავშირის წევრები გახდნენ 2004 წელს. ასე რომ, როდესაც ვუყურებთ პროცედურას, კრიტერიუმებს და ევროინტეგრაციის ისტორიას, ჩვენ ვიცით, როგორც ფაქტი, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ულრიკ ტიდესტრომმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე საკითხია, რას გააკეთებს საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში.

„მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში. ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს. ესაა ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში. მეორე, არ იქნება თავის არიდების საშუალება ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით. ეს ღირებულებები ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ეს არა მხოლოდ აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, არამედ აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანას და ხდის მას მეტად მდგრადს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე და ევროპის უსაფრთხოებისთვის. მესამე, მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, რადგან რეფორმები, რეფორმები, რეფორმები არის გზა ევროპისკენ. ამ გრძელვადიან პროცესში საქართველოს შეუძლია, შვედეთის იმედი ჰქონდეს. უკვე ამ დროისთვის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ერთი მილიარდი ქართული ლარის ინვესტიცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის რეფორმების მხარდასაჭერად. ჩვენი განზრახვაა, გავაგრძელოთ მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.