„შუახევი ჰესი“ მიმდინარე წლის ნოემბრიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდება
„შუახევი ჰესი“ მიმდინარე წლის ნოემბრიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდება

„შუახევი ჰესი“ მიმდინარე წლის ნოემბრიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდება, მომავალი წლის თებერვლიდან კი, „შუახევი ჰესი“ და „სხალთა ჰესი“ სრული დატვირთვით შევა ექსპლუატაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აღნიშნული ენერგოპროექტის დირექტორის მოადგილე სანჯაი პასაკმა განუცხადა.

მისი თქმით, შუახევის ჰიდროელექტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება, ნოემბრიდან კი, სატესტო რეჟიმში ჩაირთვება.

„თებერვლიდან ორივე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევა“, – განაცხადა სანჯაი პასაკმა და მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ჰესები ექსპლუატაციაში ორწელიწადნახევრიანი დაგვიანებით შევა.

როგორც სანჯაი პასაკმა განმარტა, შეფერხების მიზეზი ორი წლის წინ გვირაბების ჩამონგრევა გახდა, რომლითაც ელექტროსადგურისთვის წყლის ნაკადი მთიანი აჭარის სხვადასხვა ხეობიდან უნდა შეკრებილიყო.

ჰანჯაი პასაკი ამბობს, რომ ეს იყო არასწორი კონცეფციის შედეგი. კომპანიები წავიდნენ რისკზე, რომ გვირაბები ბეტონით არ გაემაგრებინა, რაც არასახარბიელო შედეგით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით კომპანიებმა, რომელიც „შუახევი ჰესს“ აშენებს („ქლინ ენერჯი“, „ტატა პაუერი“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვა საფინანსო ინსტიტუტები) 100 მილიონამდე ზარალი მიიღეს. პროექტის დირექტორის მოადგილე ზარალის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს უფრო რეპუტაციული ზარალი იყო, ვიდრე ფინანსური.

„ეს იყო ტექნიკური პრობლემა, ჩვენ არ გვქონია ბუნებრივი მოვლენის შედეგი, ვთქვათ მიწისძვრა, ან სხვა რამე. ზოგადად, როცა მსგავსი მასშტაბის პროექტს ახორციელებ, ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, ევროპაში, მთელს მსოფლიოში და თუნდაც ჩვენს რეგიონში, მეზობელ თურქეთში ყოფილა შემთხვევები, როცა გვირაბში ტექნიკური მიზეზების გამო ჰიდროელექტროსადგურის ამუშავება გადადებულა. ისინი დღეს მშვენივრად ოპერირებენ. ფაქტია, როცა ეს პროექტი დავგეგმეთ, წავედით რისკზე, რომ არ გაგვემაგრებინა მთლიანად გვირაბი, ანუ ყოფილიყო ღია გვირაბი, მობეტონების გარეშე, რაც აღმოჩნდა, რომ იყო ძალიან მძიმე ტექნიკური შეცდომა. კონცეფცია იყო არასწორი, რის გამოც ორი წელი ვერ შევძელით ამუშავება. პირველ რიგში, ეს იყო რეპუტაციული შეცდომა და უფრო რეპუტაციული ზარალი, რა თქმა უნდა, ფინანსური ზარალიც იყო, მაგრამ პროექტი დაზღვეულია და გარკვეულ ხარჯებს დაზღვევა გაიღებს“, – განაცხადა სანჯაი პასაკმა.

პასაკი ამბობს, რომ სულ გაყვანილი იყო 37 კილომეტრი სიგრძის გვირაბები, ჩამოშლა კი, მხოლოდ 600-დან 700 მ-მდე მონაკვეთზე დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, კომპანიამ გადაწყვიტა, სამომავლოდ უსაფრთხოების მიზნით ბეტონით გვირაბების უკლებლივ ყველა მონაკვეთი გაამაგროს.

მისი განცხადებით, კომპანიამ საერთაშორისო ექსპერტებისა და ცნობილი ლაბორატორიების დახმარებით დეტალურად შეისწავლა გვირაბებში არსებული ვითარება. სანჯაი პასაკი ამბობს, რომ „შუახევი ჰესის“ ამოქმედების შემდეგ 25 წლის განმავლობაში მას სარეაბილიტაციო სამუშაოები აღარ დასჭირდება.