უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა
ბათუმში, ძლიერი ქარისა და შტორმის შედეგად, ბულვარის სანაპიროს გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპირო ზოლში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
„უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა, მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერიის, საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურებისა და ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.