თორნიკე რიჟვაძე - მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც აჭარაში ძლიერი შტორმის შედეგად დაზარალდა
თორნიკე რიჟვაძე - მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც აჭარაში ძლიერი შტორმის შედეგად დაზარალდა

აჭარაში ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს აჭარის მთავრობის სპეციალური კომისია შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროზე დაზარალებულ ყველა მეწარმეს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

„გუშინ ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებს, ბულვარს. მინდა, ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, სამსახურს, მაქსიმალურად დროულად მოხდეს გაწმენდა და ყველა სალიკვიდაციო სამუშაო დროულად დასრულდეს. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად შეისწავლონ ზარალი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც აღნიშნული მოვლენებით დაზარალდა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გუშინ ბათუმსა და ქობულეთში ზღვამ საპლაჟე ინფრასტრუქტურა დააზიანა, წაქცეულია განათების ბოძები, დანგრეულია პრომინადების ნაწილი, ზარალი მიადგა ცალკეულ კომერციულ ობიექტებს. აჭარის სანაპიროზე შტორმის სიმძლავრემ, გუშინდელთან შედარებით, დღეს დაიკლო, თუმცა ტალღების სიმაღლე კვლავ ხუთ ბალს აღწევს. სინოპტიკოსების ვარაუდით, შტორმის სიძლიერე დღეიდან შემცირდება.