შს მინისტრის მოადგილე - სისტემა ახალ ნარკომომხმარებლებს არ უნდა ითრევდეს, პირიქით, მოხმარების შემცირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიმართ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკა ექნება.
როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, შსს-თვის ასევე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მოხმარების წახალისება და ეს არ გახდეს კრიმინალის წყარო.
„ჩვენთვის რამდენიმე რამ არის პრინციპული, როცა საქმე ეხება რეალიზაციას, ცალსახად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი და ამაზე მგონი განსხვავებული პოზიცია არავის აქვს. ასევე ჩვენთვის პრინციპულია, რომ არ მოხდეს მოხმარების წახალისება და ეს არ გახდეს კრიმინალის წყარო, ანუ სისტემა ახალ მომხმარებლებს არ უნდა ითრევდეს, პირიქით, სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება შემცირდეს მოხმარება და იყოს ზრუნვა არსებულ მომხმარებლებზე“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად ჰუმანური უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა არსებული მომხმარებლების მიმართ. მისი თქმით, როგორც კი ამ საკითხზე პოზიციაბი შეჯერდება, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.