შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა.

​მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გეგმების შესახებ პრეზენტაციით გააცნო.

როგორც ნინო ჯავახაძემ განაცხადა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით.

„მისასალმებელია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ 2019 წლის ბოლო სამ თვეში კლების ტენდენციაა. ანალოგიურად, კლებაა 2019 წლის ცხრა თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ცხრა თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“, – შს განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.

შსს-ის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა“ ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს, საიდანაც 2 760 – ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 – ნომრის ამომცნობი კამერა. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს – კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის” ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეო-კლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების და შესაბამისი აქტივობების განხორციელება რეგიონებში.