ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი პირველი მოსმენით იმსჯელებს
ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი პირველი მოსმენით იმსჯელებს

რვა ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.

საუბარია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ რვა ნივთიერებაზე, რომელთა ოდენობები და დოზები თავიდან დგინდება.

ცვლილებების ინიციატორი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა ხარვეზიანია და სასჯელი იდენტურია როგორც ერთი, ისე ასი დოზის უკანონო ფლობისთვის.

სარჯველაძე აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს.

„მნიშვნელოვანი კანონპროექტია ნამდვილად. ზოგადად, იმ გლობალური თემაში, რასაც ჰქვია დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, ეს ერთ-ერთი იდენტიფიცირებული საკითხია, რომელზეც შესაძლებელია და მზად ვართ, რომ გაუმჯობესებული კანონი შევთავაზოთ, საქართველოს კანონმდებლობაში, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუკი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია განსხვავებული მიდგომა მცირე დოზის ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილ დანაშაულთან და დიდი ოდენობით ჩადენილ დანაშაულთან, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში ამ დრომდე კანონმდებლობა საერთოდ არ ადგენდა მცირე დოზას და შესაბამისად, მცირე ოდენობის არარსებობის პირობებში ყველა ერთგვაროვნად ხდებოდა დიდი ოდენობით დადგენილი ნარკოდანაშაულისთვის დადგენილი პასუხისმგებლობისთვის სუბიექტი. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ დაბალანსებული და სამართლიანი სასჯელებით იქნას პასუხისმგებლობა გათვალისწინებული, ერთი მხრივ მცირე ოდენობით ჩადენილი ნარკოდანაშაულის შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით დანაშაულის ჩადენას. ეს არის სამართლიანი და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და იმედი მაქვს, მომავალშიც შეგვეძლება, ვისაუბროთ ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესებაზე, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.