ნინო ჯავახაძე - ჩვენთვის მთავარია, შსს-ის სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრები მოვიზიდოთ
ნინო ჯავახაძე - ჩვენთვის მთავარია, შსს-ის სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრები მოვიზიდოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე დღეს დასაქმების რიგით მეორე ფორუმი გაიმართა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შსს-ში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. ფორუმის მთავარი მიზანი შსს-ის სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური და მოტივირებული კადრების მოზიდვაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

ფორუმის ფარგლებში, შს მინისტრის მოადგილემ თბილისში მოქმედ 17 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტების სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროში სტაჟირებას და დასაქმებას შეძლებენ. დღევანდელი ფორუმი სტუდენტებს თბილისის მასშტაბით 150 დასაქმებით ვაკანსიას და 240 სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს.

ჯავახაძის განმარტებით, მსგავსი ფორუმი რეგიონებშიც შედგება და მისი მთავარი მიზანი შსს-ის სისტემაში ახალგაზრდა და მოტივირებული კადრების მოზიდვაა, რაც სისტემაში მიმდინარე საგამოძიებო სტრუქტურის რეფორმას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრები მოვიზიდოთ. ამისთვის, პირველ რიგში, თვითონ სისტემა შევცვალეთ. ჩვენ მინიმუმადე დაგვყავს სამსახურში გამონაკლისის სახით აყვანა და გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რათა სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანები მოვიზიდოთ. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, რომლებთანაც დღეს თანამშრომლობის მემორანდუმები გავაფორმეთ. იმედი გვაქვს, ამის საფუძველზე უნივერსიტეტები საკუთარ კურსდამთავრებულებს მომავალშიც აქტიურად გამოგვიგზავნიან“, – განაცხადა ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შსს-ის აკადემიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიები და სტაჟირების პოზიციები აპლიკანტებს რეალური დასაქმების შანსს აძლევს, თანაც სტაჟირების პროცესიც ანაზღაურებადია.

„ამ შემთხვევაში 150 აქტიური ვაკანსიაა, რომლის უკან რეალური ვაკანტური თანამდებობა დგას და დაახლოებით 240 სტაჟირების პოზიციაა. ოღონდ ეს არ არის სტაჟირება სტაჟირებისთვის, როგორც ესმით ხოლმე. სტაჟირებას ჩვენს სისტემაში რეალურად დასაქმების პერსპექტივა აქვს. განსაკუთრებით გამოვყოფ სტაჟირების ახალ სისტემას, რომელიც ჩვენ საგამოძიებო რეფორმისთვის შევიმუშავეთ. სამინისტროში საგამოძიებო რეფორმა მიმდინარეობს, რითაც გამომძიებელი გამოძიების პროცესში პროკურორისაგან უფრო დამოუკიდებელი გახდება. აქედან გამომდინარე, სისტემაში მაქსიმალურად ახალგაზრდა კადრების მოზიდვა გადავწყვიტეთ. ამ პროგრამის განსაკუთრებული ღირსება ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც კონკურსს წარმატებით გაივლიან და აკადემიის მსმენელები გახდებიან, უკვე ჩვენი თანამშრომლები არიან და ანაზღაურებას იღებენ. ეს ფაქტობრივად, ფასიანი სტაჟირებაა. ამიტომ დღეს გამოცხადებული სტაჟირების 240 პოზიცია არ არის უბრალოდ პრაქტიკა, არამედ ფაქტობრივად ანაზღაურებადი სამსახურია, რომელიც ამ ადამიანებს სამომავლოდ რეალური დასაქმების პერსპექტივას უქმნის“, – განმარტა ჯავახაძემ.

მისი ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიები, როგორც უშუალოდ საპოლიციო, ისე ადმინისტრაციულ თანამდებობებს გულისხმობს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობა იურიდიული ფაკულტეტის გარდა, სხვა ფაკულტეტების სტუდენტებსაც შეუძლიათ.

„სამინისტროს სისტემა ძალიან დიდია. დღეს წარმოდგენილი იყო, როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები. საპოლიციოში შედის საპატრულო პოლიცია, კრიმინალურ პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რაც შეეხება არასაპოლიციო პოზიციებს, გარკვეული ვაკანსიები გამოაცხადეს მაგალითად ეკონომიკის დეპარტამენტმა, მომსახურების სააგენტომ, საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, რომელიც ქიმიკოსებს ეძებს. ანუ იმდენად ფართო შესაძლებლობებია, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროფესიების ადამიანებისთვისაა ადგილი განკუთვნილი და არა მხოლოდ იურისტებისთვის“, – დააკონკრეტა შს მინისტრის მოადგილემ.

ნინო ჯავახაძის განმარტებით, გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსი აგვისტოში გაიმართება, თუმცა სტუდენტები, რომლებმაც დღევანდელ ფორუმში აპლიკაცია შეიტანეს, უშუალოდ კონკურსის დროს პრივილეგირებული იქნებიან და პირველ რიგში მათ დაუკავშირდებიან. ტესტირების, გასაუბრებისა და სამედიცინოს შემოწმების ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტები, რომლებიც საპოლიციო ვაკანსიით დაინტერესდნენ, პოლიციის აკადემიაში მსმენელებად ჩაირიცხებიან. ის აპლიკანტები კი, რომლებმაც განცხადება ადმინისტრაციულ პოზიციაზე შეიტანეს – პირდაპირ დაინიშნებიან.

ჯავახაძემ ხაზი გაუსვა, რომ კადრების მოზიდვის პრობლემა დედაქალაქზე მეტად ხშირად რეგიონებში უფრო პრობლემაა. შესაბამისად, სამომავლოდ შსს-ის აკადემიის ბაზაზე დასაქმების ფორუმები სისტემატურ სახეს მიიღებს და რეგიონებშიც ჩატარდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი უწყებაა და რეგიონებშიც უამრავი სამუშაო ადგილია. საპოლიციო კადრების კუთხით, იქ ხშირად უფრო გვიჭირს. ამიტომ ვფიქრობთ, შემოდგომაზე კიდევ ერთი ფორუმი გავმართოთ. შეიძლება, ეს ქუთაისში მოხდეს და დასავლეთ საქართველო მოვიცვათ და მხოლოდ სტუდენტები არ მოვიზიდოთ. გათვლა იყო სტუდენტურ დასაქმების ფორუმზე, მაგრამ ვფიქრობთ, უფრო ფართო მასშტაბზე გავიდეთ და ამას სისტემატური ხასიათი მივცეთ“, – განმარტა შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ „ბიზნესპარტნიორში“.

დატოვე კომენტარი