შს მინისტრის მოადგილე - კლუბ „ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, კლუბ „ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რის დასრულების შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
რაც შეეხება კაფე „გალერის“, როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, ობიექტს ლუქი მოეხსნა და კანონიერ მფლობელებს გადაეცა.
„ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება, დასრულდება და იმ შემთხვევაშიც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამიტომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებთან ამის დაკავშირება, ვფიქრობ, არასწორი და უადგილოა. საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, გასულ კვირას კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ნებისმიერ დროს ჩაატაროს.
„წინა კვირაში რამდენიმე შეხვედრა და კონსულტაცია უკვე გაიმართა. ეს შეხვედრები, ალბათ, განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც მაშინ, ახლაც ასეთი განხილვებისთვის ღიაა და მზად ვართ. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ჯგუფს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯანდაცვის მინისტრის ქვეყანაში ჩამოსვლას ელოდებოდნენ, რომ ამ განხილვაში ჯანდაცვის სამინისტროც ჩაერთოს“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი რვა პირი 12 მაისს დააკავეს, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით დროებით დაიხურა.