კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისში, კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

როგორც პროკურორმა განაცხადა, დაკავებულს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

„სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება. იარაღი, რითაც ბრალდებულმა განახორციელა დანაშაული, წარმოადგენს სანადირო გლუვლულიან თოფს. ის რეგისტრირებულია მის სახელზე. შესაბამისად, აღნიშნული იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება, არ არის დასჯადი. გამოძიება ბრალდებულს ედავება განზრახ მძიმე ჯანმრთელობის დაზიანებას დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე ხულიგნობას დამამძიმებელ გარემოებებში“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა გამყრელძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, სამი ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანი ცხელ კვალზე სახლთან დააკავეს.