კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმატოლოგის, სულხან სამხარაძის ინფორმაციით, დაშავებულებს ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდათ და ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

მისივე ცნობით, პაციენტებს ჭრილობები ზურგისა და ქვედა კიდურების არეში ჰქონდათ მიყენებული.

„შემთხვევის შედეგად შემოყვანილი პაციენტებიდან ორი რჩება სტაციონარში. მათ ჩაუტარდათ ოპერაციული ჩარევები. ამჟამად მათი მდგომარეობა საშუალო სიმძი​მისაა, შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. თუ შენარჩუნდა სტაბილურობა, ხვალ ან ზეგ მოხერხდება მათი გაწერა“, – განაცხადა სულხან სამხარაძემ.

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, მან კლინიკა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, კლუბ „ბასიანთან“ სროლა 12 იანვარს, გამთენიისას მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.