შრი-ლანკაზე არეულობის გამო დაწესებული კომენდანტის საათი გაახანგრძლივეს. ადგილობრივი დროით 21:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.
რამდენიმე დღის წინ კუნძულოვან ქვეყანაში მუსლიმების წინააღმდეგ თავდასხმების სერია მოხდა. ქუჩაში ერთი მუსლიმი მამაკაცი მოკლეს. ამასთან, ულტრამემარჯვენე ბუდისტური ჯგუფები თავს დაესხნენ მეჩეთებს და მუსლიმების მფლობელობაში არსებულ მაღაზიებს. 13 მაისს მომხდარი არეულობის დროს პოლიციამ 60 ადამიანი დააკავა და ვითარების განეიტრალების მიზნით კომენდანტის საათი დააწესა.
დაძაბულობა რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ტერაქტების სერიამ გამოიწვია, რა დროსაც 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მუსლიმებზე თავდასხმები და არეულობები 13 მაისს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მოხდა. თუმცა განსაკუთრებით რთული ვითარება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია, სადაც კომენდანტის საათი შესაძლოა, კიდევ დიდი ხნით გახანგრძლივდეს.