შრი ლანკის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია
შრი ლანკის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია

შრი ლანკის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რანილ ვიკერემესინგი და მისი მოწინააღმდეგე დულას ალაჰაპერუმა იბრძოდნენ. დეპუტატებმა რანილ ვიკერემესინგის სასარგებლოდ 134 ხმა, ხოლო მისი ოპონენტისთვის 82 ხმა დააფიქსირეს.

შრი ლანკის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გასულ კვირას გახდა, მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ექსპრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში პირველადი მოხმარების ნივთების, საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო დაიწყო. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო რეზიდენციასა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში შეიჭრნენ და რაჯაპაქსას გადადგომას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი დულას ალაჰაპერუმის გაპრეზიდენტებას ემხრობოდა. ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისშია.