ანდრეი სიბიგა – პუტინს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა სურს, თუმცა ამისთვის ჯერ მსოფლიო ომში უნდა გაიმარჯვოს

12:34, 15.11.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლის იდეებს განიხილავს, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტს ამისთვის შესაბამისი საფუძველი არ აქვს.

„პუტინი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა ჩამოყალიბების იდეებს აჟღერებს. თავის ოცნებებში ის 1945 წლის იალტაში ხედავს თავს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი მასშტაბის იდეების შეთავაზებამდე ჯერ მსოფლიო ომში უნდა გაიმარჯვო“, – წერს სიბიგა.

უ​კრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი უკვე ოთხი წლისა და რვა თვის განმავლობაში ცდილობს ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ მალა ტოკმაჩკის აღებას. სიბიგას თქმით, რუსეთის დანაკარგებმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 1,6 მილიონს გადააჭარბა, თუმცა მოსკოვს არცერთი მიზნისთვის არ მიუღწევია.

„მხოლოდ ოქტომბერში რუსეთმა 54 400 ოკუპანტი დაკარგა, უკრაინამ კი იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა მოახერხა ხელში ჩაეგდო“, – წერს სიბიგა.

სიბიგას თქმით, ამ ეტაპზე პუტინს მხოლოდ ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ სამართლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლია და არა ევროპაში გავლენის სფეროების გადანაწილება.

„სიმართლე რომ ვთქვათ, ევროპას უსაფრთხოების ახალი წესრიგი არ სჭირდება. მას უკვე აქვს წესრიგი, რომელსაც რუსეთი მუდმივად არღვევს. უსაფრთხო და თავისუფალი ევროპისთვის საუკეთესო გეგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულებაა“, – აღნიშნავს სიბიგა.

 

მსგავსი