შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს. ამასთან, კომენდანტის საათია გამოცხადებული შრი-ლანკის დასავლეთ პროვინციაში.

მანამდე, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა პრემიერ-მინისტრის ოფისთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემენსინგჰეს დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

შრი-ლანკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ავტომატურად ხდება 30 დღის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემენსინგჰეს განცხადებით, ის თანამდებობას დატოვებს, როგორც კი ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა.

9 ივლისს დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის რეზიდენციას. ეკონომიკური კრიზისის გამო დაწყებული მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის ფონზე პრეზიდენტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ 13 ივლისს გადადგებოდა. თუმცა, წუხელ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად სამხედრო თვითმფრინავით ქვეყანა დატოვა და მალდივის კუნძულებზე ჩავიდა, საიდანაც მესამე ქვეყანაში გადასვლას გეგმავს.

დემონსტრანტები პრეზიდენტ რაჯაპაკსას ადმინისტრაციას ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ადანაშაულებენ. თვეების განმავლობაში შრი-ლანკის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, ასევე ქვეყანა საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის.