დანიელ მილიარდერ ანდერს ჰოლხ პოვლსენის ოთხი შვილიდან სამი შრი-ლანკაში ტერაქტების სერიას ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ოჯახი შრი-ლანკაში სააღდგომო შვებულებას ატარებდა.
ჰოლხ პოვლსენი ტანსაცმლის კომპანია „ასოსის“ უმსხვილესი აქციონერია. ის ასევე ფლობს საერთაშორისო ქსელ „ბესტსელერს“ და დიდ ბრიტანეთში მიწის უმსხვილესი მესაკუთრეა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვადასტურებთ გავრცელებულ ცნობებს. გთხოვთ, დაიცვათ ოჯახის პირადი ხელშეუხებლობა“, – განაცხადა ოჯახის წარმომადგენელმა.
შრი-ლანკაში 21 აპრილს განხორციელებულ კოორდინირებულ თავდასხმას 290 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებების სერია ეკლესიასა და ძვირადღირებულ სასტუმროებში განხორციელდა. პოლიციამ თავდასხმასთან კავშირში 24 ადამიანი დააკავა.
გარდაცვლილთა უმრავლესობა შრი-ლანკელია. ისინი ეკლესიებში სააღდგომო მსახურებას ესწრებოდნენ. გარდა ამისა, დაღუპულებს შორის 36 უცხოელია. მათ შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, დანიის, პორტუგალიის, თურქეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ნიდერლანდებისა და იაპონიის მოქალაქეები.
დანიელი მილიარდერის ერთ-ერთმა შვილმა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში ფოტო გამოქვეყნა.