„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც ჯო ბაიდენის შვილთან მეგობრობენ, ვაშინგტონის მიერ დასანქცირებულთა სიაში არ მოხვდა
„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც ჯო ბაიდენის შვილთან მეგობრობენ, ვაშინგტონის მიერ დასანქცირებულთა სიაში არ მოხვდა

„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილთან მეგობრობენ, ვაშინგტონის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში არ მოხვდა.

გამოცემის ინფორმაცით, საუბარია უძრავი ქონების დეველოპერ ელენა ბატურინაზე და ვლადიმირ ევტუშენკოვზე, რომელთა მიმართაც სანქციები ისევ არ დააწესეს.

„ნიუ იორკ პოსტის“ კითხვას, რატომ არ მოხვდნენ ეს პირები შავ სიაში, თეთრ სახლში არ უპასუხეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბატურინამ და ევტუშენკოვმა წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელების ყურადღება ბაიდენის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების პერიოდში მიიქციეს.

ელენა ბატურინა, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ქვრივია, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორჯერ შეხვდა ჰანთერ ბაიდენს და ჯო ბაიდენს, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მათ ვაშინგტონის ერთ-ერთ კაფეში ისადილეს.

„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, 2014 წლის თებერვალში, ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით, ბატურინამ ჰანთერ ბაიდენისა და მისი მოკავშირე დევონ არჩერის მიერ კონტროლირებად ფირმას 3,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

2023 წლის ივლისში არჩერმა კონგრესში დაკითხვისას განაცხადა, რომ ის არაა დარწმუნებული, რა იყო ამ ტრანზაქციის დანიშნულება, თუმცა თქვა, რომ 2,75 მილიონი დოლარი სხვა ფირმის ანგარიშებზე გადარიცხა, რომელსაც ასევე ჰანთერ ბაიდენთან ერთად ფლობს. არჩერმა ასევე განაცხადა, რომ ელენა ბატურინამ 120 მილიონი დოლარი დააბანდა მის კომპანიაში, რომელთანაც ჰანთერ ბაიდენი ასევე იყო დაკავშირებული. არჩერის ჩვენების მიხედვით, ბატურინა ჯო ბაიდენს 2014 წლის გაზაფხულზე ჰანთერ ბაიდენის ყაზახ პარტნიორებთან ერთად შეხვდა.

„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, ჰანთერ ბაიდენი ასევე ორჯერ შევხდა ევტუშენკოვსაც, რაც ჯო ბაიდენის შვილის ნოუთბუქის დაცული ინფორმაციიდან ირკვევა.

გამოცემა წერს, რომ ევტუშენკოვის ბიზნესიმპერია „სისტემა“ მოიცავს რუსეთის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ კომპანია „ემ-ტე-ესს“ და 2022 წლამდე ასევე ფლობდა რაკეტებისა და რადარების მწარმოებელ კომპანია „ერ-ტე-აის“, ასევე სამხედრო დრონების მწარმოებელ კრონსტადტს.

გავრცელებული ცნობით, ევტუშენკოვს, სავარაუდოდ, სურდა ჰანთერ ბაიდენთან დაკავშირება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების გამო, რაც ევტუშენკოვის მფლობელობაში არსებული მობილური ოპერატორი კომპანიის, „ემ-ტე-ესის“ მიერ უზბეკეთის ოფიციალური პირებისთვის ქრთამის სახით გადახდილი 1 მილიარდი დოლარის საქმეს ეხებოდა.

ევტუშენკოვმა დაადასტურა, რომ 2012 წელს მანჰეტენზე მდებარე სასტუმროში შეხვდა ჰანთერ ბაიდენს, ხოლო აშშ-ის შვილის ნოუთბუქის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ რუსი ოლიგარქის და ჰანთერ ბაიდენის კიდევ ერთი შეხვედრა კოლუმბიის ოლქში 2013 წელსაც შედგა.