შორეულ წარსულში, დედამიწა შეიძლება მთლიანად ოკეანით დაფარული პლანეტა იყო — ახალი კვლევა
შორეულ წარსულში, დედამიწა შეიძლება მთლიანად ოკეანით დაფარული პლანეტა იყო — ახალი კვლევა

როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო, პლანეტა დედამიწა დღევანდელისგან ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდა. ერთ დროს ჰქონდა სუპერკონტინენტები, ანუ, ხმელეთი, რომელზეც ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ, განლაგებული იყო სხვადასხვა კონფიგურაციებით, რადგან მუდმივად განიცდიდა ტექტონიკურ მოძრაობებს.

თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, შეიძლება ყოფილიყო ისეთი პერიოდიც, როდესაც ხმელეთის მასა ძალიან ცოტა ან საერთოდაც არ იყო, ანუ დედამიწა მთლიანად წყლით დაფარული პლანეტა გახლდათ.

გეოლოგიურ ფენებში აღმოჩენილი მტკიცებულება მიუთითებს, რომ დაახლოებით 3,2 მილიარდი წლის წინ, ჩვენი ამჟამად 4,5 მილიარდი წლის პლანეტა გლობალური ოკეანით იყო დაფარული.

დადასტურების შემთხვევაში, ამ აღმოჩენამ შეიძლება პასუხი გასცეს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ; კონკრეტულად კი, გავიგოთ, სიცოცხლე ხმელეთზე არსებულ მტკნარი წყლის ტბორებში აღმოცენდა თუ მლაშე ზღვებში. თუკი იმ დროისათვის ხმელეთი საერთოდ არ იყო, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასაგები ხდება.

კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის გეობიოლოგ ბოსუელ ვინგის განცხადებით, დედამიწაზე სიცოცხლის ისტორია ჩვენთვის ხელმისაწვდომ ნიშნებს ეფუძნება. თუკი გვაქვს ოკეანით დაფარული პლანეტა, გამოდის, რომ ხმელეთზე არსებული ნიშნები გამოუსადეგარია.

მკვლევართა ჯგუფი ადრეული დედამიწის ტემპერატურის დადგენას ცდილობდა, რადგან ეს საკითხის საკმაოდ გაურკვეველია და პასუხის მიღებას მეცნიერები უკვე დიდი ხანია ცდილობენ. უცნობია, პლანეტა სიცოცხლის აღმოცენების დროს თბილი იყო თუ ცივი (ანდაც დაახლოებით ამჟამინდელი ტემპერატურის).

უძველეს ოკეანეთა ტემპერატურასთან შეიძლება დავაკავშირებული იყოს ჟანგბადის ორი იზოტოპის პროპორცია, რადგან მათ სხვადასხვა მოლეკულური მასა აქვთ და ბუნებრივად წარმოიქმნება ელემენტის ვარიაციებში. დაბალი ტემპერატურის მქონე წყალი შეიცავს დიდი ოდენობით ჟანგბად-16-ს, თბილი წყალი კი შეიცავს მეტ ჟანგბად-18-ს.

გაურკვეველია, როგორი შეიძლება ყოფილიყო 3,2 მილიარდი წლის წინანდელი ზღვის წყალი. თუმცა, არსებობს ამ ასაკის ქანები, რომლებიც მაშინ იმ უძველეს ოკეანეთა ფსკერზე უნდა ყოფილიყო; მათ შორის არის დასავლეთ ავსტრალიის პილბარის რეგიონის პანორამის რაიონი. ქანები ინარჩუნებს ოკეანეების ქიმიურ ისტორიას, მათ შორის ჰიდროთერმული ღრმულების ბრწყინვალედ შემონახულ სისტემებს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა მოახდინეს ამ რეგიონის 3,2 მილიარდი წლის წინანდელი ტემპერატურული პროფილის რეკონსტრუქცია, აღმოჩდა, რომ ჟანგბად-18-ის ოდენობა იმაზე ოდნავ მეტი იყო, რასაც ისინი ელოდნენ — 3,3 პროცენტი. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4 პროცენტით მეტია ყინულისგან შედარებით თავისუფალი დღევანდელი ოკეანის რაოდენობაზე, მაგრამ საგრძნობლად მაღალია წინა შეფასებებით მიღებულ მაჩვენებლებზე.

3,8 მილიარდი წლის წინანდელ ოკეანეებში ჟანგბად-18-ის მოსალოდნელზე ოდნავ მაღალ მაჩვენებელზე მიუთითა 2012 წლის კვლევამაც — 0,8-3,8 პროცენტი.

განსხვავებები მხოლოდ მცირეა, მაგრამ ისინი ძალიან მგრძნობიარეა ხმელეთის მიმართ. კონტინენტების ზომის ხმელეთის მასების ქანები წყლიდან არაპროპორციულად შთანთქავს ჟანგბად-18-ის მსგავს მძიმე იზოტოპებს.

მოდელირების მიხედვით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათ მიერ აღებული ქანების ნიმუშებში არსებული ასეთი პროპორციები დაკავშირებული უნდა იყოს კონტინენტების ნაკლებობასთან. ეს სულაც არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ პლანეტა მთლიანად წყლით იყო დაფარული, როგორც სატურნის მთვარე ენცელადი ან იუპიტერის მთვარე ევროპა იქნებოდნენ მზესთან ახლოს მდებარეობის შემთხვევაში. თუმცა, მონაცემები მიუთითებს, რომ დედამიწა დღევანდელთან შედარებით ძალიან, ძალიან სველი უნდა ყოფილიყო.

ვინგის განცხადებით, მათი აზრით, შესაძლებელია დედამიწაზე ყოფილიყო ციცქნა ხმელეთის მასები და არა დღევანდელის მსგავსი, გლობალური მასშტაბის კონტინენტურ ქანთა ფორმაციები.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა — ზუსტად როდის გამოჩნდა კონტინენტები ოკეანიდან ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად? ამის გარკვევა მკვლევართა შემდეგი ნაბიჯია. ჯგუფი ამჯერად უფრო ახალი კლდოვანი წარმონაქმნების შესწავლას გეგმავს, რათა მთელ ამ ქრონოლოგიას ერთად მოუყაროს თავი.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით. 

დატოვე კომენტარი