შეუძლიათ თუ არა მწერებს კორონავირუსის გავრცელება
შეუძლიათ თუ არა მწერებს კორონავირუსის გავრცელება

პათოგენები, რომლებსაც მწერები ჩვენი სისხლის წოვის შედეგად ავრცელებენ, ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილს და ასობით მილიონი ადამიანის მძიმე ავადმყოფობას იწვევს.

ბოლო დროს გაჩნდა კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ მწერებმა COVID-19 გაავრცელონ?

ამ საკითხთან დაკავშირებით, სიდნეის უნივერსიტეტის სამედიცინო ენტომოლოგიის ასოცირებული პროფესორი კემერონ ვები სტატიას აქვეყნებს.

ამჟამად არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მწერები ავრცელებენ SARS-CoV-2-ს, COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსს.

ამ კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია, თუმცა ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწერმა ვირუსი ინფიცირებული პირის კბენის შედეგად აიღოს და სხვა ადამიანს გადასდოს.

დიახ, მწერები ავრცელებენ სხვა ვირუსებს

საკუთარი კვერცხების მოსამწიფებლად, მდედრ მწერებს სისხლში არსებული საკვები ნივთიერებები სჭირდებათ. ასეთი ბიოლოგიური საჭიროებით „სარგებლობენ“ ვირუსები და მწერების დახმარებით, მასპინძლიდან მასპინძელში გადაადგილდებიან.

თუმცა, იმისათვის, რათა მწერი დაინფიცირდეს, პირველ რიგში მან უნდა უკბინოს დაინფიცირებულ ცხოველს, ფრინველს ან ადამიანს.

მწერებს შეუძლიათ გადაიტანონ მრავალი ვირუსი, მათ შორის დენგე, ყვითელი ცხელება, ჩიკუნგუნია, ზიკა და ა. შ. მათ ასევე გადააქვთ მალარია, რომელიც პარაზიტის მიერ არის გამოწვეული.

თუმცა, მწერებს არ შეუძლიათ სხვა მრავალი ვირუსის გადატანა, მათ შორის აივ-ისა და ებოლასი.

აივ ვირუსის შემთხვევაში, მწერები თავად არ ინფიცირდებიან. ძალიან ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ინფიცირებული ადამიანის კბენისას მწერმა მისგან ვირუსი აიღოს, რადგან აივ-ი სისხლში ძალიან დაბალი კონცენტრაციით ცირკულირებს.

რაც შეეხება ებოლას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეცნიერებმა მწერებს ეს ვირუსი შეუყვანეს, ისინი მაინც არ დაინფიცირდნენ. ებოლას ეპიდემიის დროს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში კი მეცნიერებმა ათობით ათასი მწერი შეაგროვეს, მაგრამ ვირუსი ვერც ერთ მათგანში ვერ იპოვეს.

არა, კორონავირუსს არ ავრცელებენ

ახალი კორონავირუსი ძირითადად ვრცელდება დაცემინებისა და დახველების დროს წარმოქმნილი წვეთებითა და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ინფიცირებულ ადამიანთა სისხლის ნიმუშებშიც იპოვეს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მწერებს მისი გადატანა შეუძლიათ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწერი ინფიცირებული ადამიანის კბენისას სისხლთან ერთად საკმაოდ დიდი ოდენობით ვირუსს ამოწოვს, არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ამ ვირუსს თავად მწერის დაინფიცირება შეუძლია.

და თუკი მწერი ინფიცირებული არ არის, კბენის დროს ის ვირუსს სხვა ადამიანს ვერ გადასდებს.

რატომ გადააქვთ ზოგი ვირუსი და ზოგიერთი ვერა?

უმეტეს ჩვენგანს მწერები წარმოუდგენია მფრინავ ციცქნა ბინძურ შპრიცებად, რომლებიც ადამიანიდან ადამიანში ავრცელებენ ინფიცირებული სისხლის წვეთებს. რეალობა კი გაცილებით კომპლექსურია.

როდესაც მწერი კბენის დროს წოვს სისხლს, რომელიც ვირუსს შეიცავს, ვირუსი მალევე ხვდება მწერის ნაწლავში.

იქ კი ვირუსს სჭირდება ნაწლავის უჯრედებში შეღწევა, მწერის სხეულის დანარჩენ ნაწილში გავრცელება და დაინფიცირება. ვირუსმა უნდა დააინფიციროს მისი სანერწყვე ჯირკვლებიც, რათა შემდეგი კბენისას მწერმა ეს ვირუსი სხვა ადამიანს გადასდოს. ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდეს.

თუმცა, დრო მხოლოდ ერთადერთი ბარიერი არ არის. ვირუსმა ასევე უნდა შეძლოს ნაწლავებიდან დანარჩენ სხეულში გავრცელება და სანერწყვე ჭირკვლებში შეღწევა. ამ პროცესის თითოეული ეს ნაბიჯი შეიძლება, ვირუსისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდეს.

საქმე ის არის, რომ ზოგიერთმა ვირუსმა ყველა ეს პროცესი გადალახა, მაგრამ ზოგიერთი ნაწლავს იქით ვერ წავიდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.