ბილ გეიტსმა მალარიის გადამტანი კოღოების მოსასპობად 4$ მლნ გაიღო
ბილ გეიტსმა მალარიის გადამტანი კოღოების მოსასპობად 4$ მლნ გაიღო

ყოველწლიურად, კოღოები მსოფლიოში დაახლოებით 830 000 ადამიანს კლავენ. შედეგად, ისინი პლანეტის ყველაზე მკვლელი არსებები არიან, ადამიანებზე მეტადაც კი.

მწერების მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის უმეტესობა (440 000-ზე მეტი) მალარიაზე მოდის, რომელსაც ერთუდჯრედიანი ორგანიზმი ადამიანიდან ადამიანს გადასცემს. ეს ორგანიზმი მდედრ კოღოს გადააქვს. მის ორგანიზმში ის მაშინ ხვდება, როცა ჩვენს სისხლს წოვს.

ბილ გეიტსი და მისი მეუღლე, მელინდა გეიტსი ამ მომაკვდინებელი დაავადების წინააღმდეგ ნამდვილ ჯვაროსნულ ომს აწარმოებენ. 2000 წელს მათ საკუთარი ფონდი შექმნეს, რომელმაც მალარიასთან საბრძოლველად უკვე 2 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ამჯერად, ფონდი 4,1 მილიონს დებს ახალ გეგმაში, რომლის მიხედვითაც, ლაბორატორიაში გამოყვანილი საშუალების წყალობით, მამრმა კოღოებმა საკუთარი შთამომავლობა უნდა გაანადგურონ.

ახალი კოღოების შესაქმნელად, წინა კვირაში, ფონდმა კორპორატიული ხელშეკრულება დადო ბრიტანულ კომპანია Oxitec-თან.

Oxitec-ი გენეტიკური ინჟინერიის კომპანიაა, რომელიც 2002 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტთან დაარსდა. მწერებს მან „მეგობრული კოღოები“ უწოდა.

ასეთი სახის „მეგობრული“ მწერები წარსულშიც გამოიყენეს, როცა გაანადგურეს კოღოს სახეობა Aedes aegypti, რომელსაც ზიკა, დენგესა და ყვითელი ცხელება გადაჰქონდა.

როგორც კომპანიამ გამოცემა Business Insider-ს განუცხადა, ასეთი მწერები მათ გაგზავნეს ბრაზილიაში, კაიმანის კუნძულებზე და პანამაში, ინდოეთში კი კონტროლირებადი ცდები ჩაუტარეს. ძირითად ადგილებში, დაავადების გადამტანი კოღოები მათ 90 პროცენტით გაანადგურეს.

მკვლელი კოღოების შტამების შექმნის მიზნით, გეიტსების ფონდმა 2010 წელს Oxitec-ს უკვე გადაუხადა 5 მილიონი დოლარი. როგორც კომპანია აცხადებს, მას შემდეგ, ფონდს მათი რომელიმე პროექტი აღარ დაუფინანსებია.

Oxitec-ის მიერ გენური ინჟინერიით გამოყვანილ ახალ მამრ კოღოებს ველურ ბუნებაში გაუშვებენ, რათა შეჯვარდნენ ბუნებრივად დაბადებულ მდედრ, მალარიის გადამტან კოღოებთან.

გამდომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან, ლაბორატორიული მამრი კოღოები ვერავის უკბენენ.

ამის მაგივრად, ისინი შეჯვარდებიან მდედრებთან და შთამომავლობას გადასცემენ „თვითშემზღუდავ“ გენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი მდედრი თაობა იმ ფაზაში დაიხოცება, სანამ ადამიანებისათვის კბენის ფაზაში გადავლენ.

როგორც კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, ამის შემდეგ, მამრები შეჯვარებისთვის სხვა მდედრების ძებნას აგრძელებენ და გადასცემენ „თვითშემზღუდავ“ გენს.

Oxitec-ის ახალი მწერები საველე ცდებისთვის მზად სავარაუდოდ 2020 წელს იქნებიან, მაგრამ მანამდე, კომპანია გარკვეულ შეზღუდვებს აწყდება გენური ინჟინერიის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომპანია იმედოვნებს, რომ ლაბორატორიაში გამოყვანილ ზოგიერთ სხვა კოღოს ამ ზაფხულს გამოსცდის ფლორიდის პატარ-პატარა კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ამ იდეას წარსულში სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.

2016 წელს, ამ კუნძულების მოსახლეობამ ხმა გენური ინჟინერიით გამოყვანილი კოღოების გამოყენების წინააღმდეგ მისცა. თუმცა წელს, ქალაქის მერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, Oxitec-ი იმედოვნებს, რომ მოსახლეობა აზრს შეიცვლის.

Oxitec-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც მალარიასთან საბრძოლველად გენური ინჟინერიით გამოყვანილი კოღოების გამოყენებას ცდილობს.

NPR-ის ცნობით, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს მუტაციაზე, რომელიც მოახდენს მალარიის გადამტან მდედრ კოღოთა სტერილიზაციას.

გენეტიკური ინჟინერიის გზით გამოყვანილ კოღოებს სასტიკად ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველთა ჯგუფები. მათი აზრით, არ ვიცით, რა გავლენას მოახდენენ დედამიწის ეკოსისტემის მყიფე ბალანსზე ეს ლაბორატორიული ქმნილებები.

მათი აზრის საწინააღმდეგოდ, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი მწერების გარემოში გაშვების მიზანი არა მთლიანი სახეობის განადგურება, არამედ ისეთი დაავადებების აღმოფხვრაა, როგორებიც არის ზიკა და მალარია.

„წარმატების შემთხვევაში, ხალხი ამას ვერც კი შენიშნავს. ბუნებაში კვლავაც უთვალავი კოღო დარჩება“, — ამბობს მოლეკულური ბიოლოგი ტონი ნოლანი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი