5G-ისა და კორონავირუსის კავშირი მითია — ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტო
5G-ისა და კორონავირუსის კავშირი მითია — ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტო

სოციალურ მედიაში გაჩნდა კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც, მეხუთე თაობის მობილური კავშირი (5G) დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან. ამ ერთი შეხედვითვე აბსურდულ საკითხს ინტერნეტში ბევრი ადამიანი სერიოზულად განიხილავს. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თუ სატელეკომუნიკაციო კომპანიები იძულებული გახდნენ, ოფიციალური განმარტებები გაეკეთებინათ. ამ საკითხს ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო ინდუსტრიის მარეგულირებელი სააგენტო, იგივე Ofcom-ი.

„ეს სიცრუეა. არ არსებობს 5G-ისა და კორონავირუსის გავრცელებას შორის რაიმე კავშირის სამეცნიერო საფუძველი ან სარწმუნო მტკიცებულება“, — წერს Ofcom-ი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ზოგიერთ ქალაქში, ამ ჭორის გამო მობილური ტელეფონების ანძებს ვანდალურადაც კი დაესხნენ თავს. მუშაობაში ხელი შეუშალეს მობილური ტელეფონების კომპანიების ინჟინრებსაც.

პანდემიის დროს მობილური ტელეფონების საჭიროება იმდენად დიდია, როგორც არასდროს. ასეთი ფაქტები კი მობილური ქსელების ხელმისაწვდომობას რისკის ქვეშ აყენებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. თუ მობილური ტელეფონების ანძები ვანდალიზმის ან მათ შესაკეთებლად მისული ინჟინრების ხელშეშლის გამო მუშაობას შეწყვეტს, მობილური კავშირი შეფერხებით იმუშავებს ან საერთოდ გაითიშება.

„მობილური ტექნოლოგიების წინა თაობების მსგავსად, 5G რადიოსპექტრს იყენებს. ყოველ მოწყობილობას, რომელიც უკაბელოდ მუშაობს, სჭირდება სპექტრი. მათ შორის არის ტელევიზორები, მანქანის გასაღებები, უკაბელო მიკროფონები, თანამგზავრები და ა. შ. მობილური ტელეფონი ანძასთან დასაკავშირებლად იყენებს სპექტრს, ანძასთან კავშირით კი მომხმარებლები ახორციელებენ ზარებს, გზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, წვდომა აქვთ ინტერნეტთან. ანძების გარეშე ეს შეუძლებელია“, — წერს ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტო.

Ofcom-ი ასევე აქვეყნებს სპექტრის გაზომვის პროგრამის უახლეს შედეგებს, რომელიც ბრიტანეთის 5G-ს დაფარვის ზონებში ჩატარდა. შედეგებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

„ყველა ასეთ ზონაში, რადიაცია საერთაშორისოდ დაშვებულ ნორმაზე გაცილებით უფრო მცირე აღმოჩნდა. ეს ნორმა კი დაადგინა არამაიონიზებელი რადიაციული დაცვის საერთაშორისო კომისიამ (ICNIRP)“, — წერს Ofcom-ი.

სიხშირის იმ დიაპაზონს, რომელში 5G მუშაობს, არ აქვს საკმარისი ენერგია იმისათვის, რათა ადამიანის სხეულის ქსოვილებთან კონტაქტისას მათში დაარღვიოს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ამოვარდნა. შესაბამისად, ამ დიაპაზონს „არამაიონიზებელ“ ელექტრომაგნიტურ რადიაციას უწოდებენ.

უფრო მეტიც, ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოების მიერ დამტკიცებულია, რომ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტები ამაზე უფრო ძლიერ რადიაციასაც არ აქვს.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, მობილური სიგნალის დაფარვის ასეთ ზონაში გაზომილი რადიაცია დაშვებული დონის მხოლოდ დაახლოებით 1,5 პროცენტს შეადგენდა; თანაც, ის ასევე მოიცავდა სხვა მობილური ტექნოლოგიების, მაგალითად, 3G-ისა და 4G-ის სიგნალებს. ამავე დროს, 5G სიგნალების ყველაზე მაღალი დონე საერთაშორისოდ დაშვებული ნორმის მხოლოდ 0,039 პროცენტს შეადგენდა.

„რადიაციის გაზომვის პროგრამის შედეგებს მუდმივ რეჟიმში გამოვაქვეყნებთ. მათ შორის მოხვდება მონაცემები 5G-ის ყოველი ახალი ზონიდან“, — წერს გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო ინდუსტრიის მარეგულირებელი სააგენტო.

დატოვე კომენტარი