5G კორონავირუსის გავრცელებასთან არანაირ კავშირში არ არის — რა უნდა ვიცოდეთ
5G კორონავირუსის გავრცელებასთან არანაირ კავშირში არ არის — რა უნდა ვიცოდეთ

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციული თეორია, რომ 5G-ს კორონავირუსის გავრცელება შეუძლია. ეს მითი სათავეს იანვარში იღებს, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ბელგიელმა ექიმმა 5G ტექნოლოგიის „საფრთხეები“ ვირუსს დაუკავშირა.

ფეისბუკზე გაჩნდა უამრავი ჯგუფი თუ პოსტი, რომელშიც ადამიანები ვირუსის გავრცელებას 5G ტექნოლოგიას უკავშირებენ.

ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება კი, არა მხოლოდ სამწუხარო, არამედ საზიანოცაა.

The Guardian-ის ცნობით, ბრიტანეთში უკვე რამდენიმე ვანდალური აქტი განხორციელდა 20-მდე მობილურ ანძაზე.

მსოფლიოს მასშტაბით, დეზინფორმაცია სწრაფად აიტაცა და გავრცელებას შეუწყო ხელი მრავალმა ცნობილმა ადამიანმაც.

რა პრინციპით მუშაობს 5G რადიოსიგნალები

განსხვავება 5G-სა და წინა თაობის მობილურ სერვისებს (4G, 3G) შორის ის არის, ისინი იყენებს დაბალი სიხშირის რადიოტალღებს (6 გიგაჰერცის დიაპაზონში), 5G კი იყენებს სიხშირეებს 30-300 გიგაჰერცის დიაპაზონში.

30-300 გიგაჰერცის დიაპაზონში არ არის საკმარისი ენერგია იმისათვის, რათა ადამიანის სხეულის ქსოვილებთან კონტაქტისას მათში დაირღვეს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ამოვარდნა. შესაბამისად, ამ დიაპაზონს „არაიონიზებად“ ელექტრომაგნიტურ რადიაციას უწოდებენ.

უფრო მეტიც, ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოების მიერ დამტკიცებულია, რომ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტები ამაზე უფრო ძლიერ რადიაციასაც არ აქვს.

რადიაციას კანთან კონტაქტი შეუძლია მაგალითად მაშინ, როდესაც 5G მობილური ყურთან მიგვაქვს დასარეკად. სწორედ ამ დროს ხდება არაიონიზებადი რადიაციის ყველაზე მეტად გამოსხივება. თუმცა, ეს გამოსხივება საკმაოდ დაბალია უსაფრთხოების რეკომენდებული დონის ზედა ზღვართან შედარებით.

5G რადიაციას არ შეუძლია კანში არც თავად შეღწევა და არც ამ საქმეში ვირუსის დახმარება. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 5G რადიოსიხშირეები იწვევს ან აძლიერებს კორონავირუსის გავრცელებას.

გარდა ამისა, ვირუსის ცილოვან გარსს არ აქვს 5G რადიოსიგნალების მიტაცების უნარი. ამის მიზეზი ის არის, რომ რადიაცია და ვირუსები არსებობენ სხვადასხვა ფორმებში, რომლებიც ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ. ერთი მათგანი ბიოლოგიური ფენომენია, მეორე კი ელექტრომაგნიტურ სპექტრში არსებობს.
5G რადიოტალღებს მილიმეტრულ ტალღებს უწოდებენ, რადგან მათი ტალღის სიგრძე მილიმეტრებში იზომება. იმის გამო, რომ ეს ტალღები მოკლეა, საჭიროა, რომ 5G სატელეფონო ანძები ერთმანეთთან უფრო ახლოს იყოს, დაახლოებით 250 მეტრის დაშორებით. მათი განლაგება ხდება პატარა ფიჭების“ ფორმით (ფიჭა არის რადიოსიგნალების მიერ დაფარული ზონა).

იმისათვის, რათა 5G ქსელმა დიდი გეოგრაფიული არეალი დაფაროს, საჭიროა უფრო მეტი საბაზო სადგურები, ვიდრე 4G-ის შემთხვევაში. სწორედ ამ სადგურების რაოდენობის ზრდა და მათი სიახლოვე ადამიანებთან გახლავთ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ადამიანებში უსაფუძვლო შიშებს იწვევს ჯანმრთელობაზე 5G-ის უარყოფითი გავლენის შესახებ.

თქვენი ტელეფონი შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ მისი რადიაცია არა

COVID-19 ვრცელდება პატარა წვეთებით, რომლებიც ინფიცირებული ადამიანის ცხვირიდან და პირიდან გამოიყოფა, როცა ის ახველებს, აფურთხებს, აცემინებს, ლაპარაკობს ან ყვირის. გადადება ხდება მაშინ, როდესაც ეს წვეთები ხვდება ჯანმრთელი ადამიანის ცხვირს, თვალებს ან პირს.

შესაბამისად, თუ ინფიცირებული ადამიანი ლაპარაკობს ტელეფონით, რომელიც პირთან ახლოს აქვს, მის ზედაპირზე შეიძლება დაეცეს საკმარისი ოდენობის ინფექციური წვეთები იმისათვის, რათა ვირუსის გავრცელება შეძლოს. გამომდინარე აქედან, პანდემიის დროს სხვისი მობილურის დაჭერა რეკომენდებული არ არის. აუცილებელია, რომ რეგულარულად მოახდინოთ თქვენი ტელეფონის დეზინფექცია.

რატომ იქცა საერთოდ ეს საკითხი განხილვის საგნად?

მრავალი ჩვენგანისთვის ნათელია, რომ ვირუსის გავრცელება რადიოსიგნალებით შეუძლებელია და ასეთი კონსპირაციები შეიძლება ზოგადად დაკავშირებული იყოს მთავრობისადმი უნდობლობასთან.

ამ მითის გაქარწყლება ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმ დროს, როდესაც სწრაფი ინტერნეტისთვის მილიონები იხარჯება, მსოფლიოს მასშტაბით საფრთხის ქვეშ დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. სხვადასხვა ქალაქში კონსპირაციულმა თეორიებმა უკვე ბევრს გაუჩინა ასეთ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მოტივაცია.

იუთუბის განცხადებით, ის წაშლის ყველა ვიდეოს, რომელშიც საუბარი იქნება 5G ტექნოლოგიის COVID-19-თან კავშირზე.

კომპანიის ეს ნაბიჯი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ექიმი აბსურდულად საუბრობს, რომ აფრიკაში COVID-19-ის ნაკლებად გავრცელების მიზეზი ამ კონტინენტზე 5G-ის არარსებობაა. ვიდეო საკმაოდ პოპულარული გახდა კონსპირაციული თეორიების მიმდევრებს შორის და მილიონამდე ნახვაც დააგროვა, თუმცა, საბედნიეროდ, იუთუბმა ის წაშალა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.