შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი - საბჭო გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი - საბჭო გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მოქმედი წევრი სალომე სულაქველიძე ყოფილი წევრის მამუკა ტუსკაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  საბჭოში შემოსულ საჩივრებთან  დაკავშირებით, საბჭო გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს.

“განცხადებები იმის შესახებ, რომ ყველა მოქმედი გადაწყვეტილება არის არაკანონიერი, ვფიქრობ, ჩემს დისკრედიტაციას ახდენს. გადაწყვეტილებებს, რომელთან დაკავშირებითაც მამუკა ტუსკაძემ გააკეთა განცხადებები, მე ვესწრებოდი და ხელი მაქვს მოწერილი. შესაბამისად, პასუხისმგებლობას ბოლომდე ვიღებ და ვერანაირად ვერ დავეთანხმები, რომ რაიმე შემთხვევაში საბჭომ კანონის შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო, ან რომელიმე შემსყიდველმა გადააჭარბა მის უფლებამოსილებას.

პროკურატურაში გაგზავნილ საქმეებზე, არ ვიცი რაზე საუბრობს ბატონი მამუკა, რადგან როდესაც ამას კანონი მოითხოვს, ჩვენ ყოველთვის შესაბამისი რეაგირებისთვის საქმეებს შესაბამის ორგანოებში ვაგზავნით. ვერ ვიხსენებ, რომ კონკრტულ შემთხვევაში გადასაგზავნი იყო და საბჭომ რაიმე მიზეზით თავი შეიკავა”,- აღნიშნა სულაქველიძემ.

მისივე თქმით, თუ ტუსკაძეს რაიმე საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მას შეეძლო ხელი არ მოეწერა ამ გადაწყვეტილებებზე და ჩამოეყალიბებინა განსხვავებული პოზიცია.

“რაც შეეხება შემოსულ საჩივრებს, თვითონ მომჩივანს აქვს უფლება, თავად გააუქმოს საბჭოში შემოტანილი განცხადება, მხოლოდ ამ შემთხვევაში არ აგრძელებს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო განხილვას. თავდაცვის სამინისტროს ტენდერს რაც შეეხება, აქ კარტერული ნამდვილად არაფერი იკვეთება. ამ გადაწყვეტილებებს განხილვის პროცესში ვმონაწილეობდი და უბრალოდ ტენდერის შეწყვეტა გამოწივია იმან, რომ საბოლოოდ სამივე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მოხდა მათი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე”,- განაცხადა სულაქველიძემ.

დავების საბჭოს ყოფილი წევრის მამუკა ტუსკაძის განცხადებით, ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების ინსტიტუციებში პრობლემებია, განსაკუთრებით კი დავების საბჭოში.