სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - „ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - „ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში ათასობით სკოლის მოსწავლის სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.

„ვინაიდან 2019 წლიდან სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, 2018 წლის 27-28 დეკემბერს, სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამოცხადდა ინდივიდუალური ტენდერები (სულ – 58 ტენდერი).

კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო სახსრების დაზოგვის კუთხითაც, ვინაიდან ამ მომსახურებას მხოლოდ სამი კომპანია ახორციელებდა, ხოლო ღირებულება ყოველწლიურად იზრდებოდა. ახალი მიდგომების გათვალისწინებით, შემდგარი ტენდერებით მიღებულმა ეკონომიამ დაახლოებით ნახევარი მილიონ ლარი შეადგინა. ტენდერების გამოცხადების შედეგად, აღნიშნული მომსახურების სფეროში გამოჩნდნენ ახალი, მათ შორის, ადგილობრივი კომპანიები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია“, – აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

მათივე ცნობით, კონსოლიდირებული ტენდერებიდან დადებითად დასრულდა ცხრა მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებზეც 18 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულებები, ხოლო ყველა იმ მუნიციპალიტეტმა, რომლებშიც ვერ შედგა ტენდერი, ხელახალი ტენდერების გამოცხადებამდე, ხელშეკრულებები გააფორმეს პირდაპირი წესით (გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით).

„შესაბამისად, მუნიციპალიტეტების სკოლებს სასკოლო ტრანსპორტის მომსახურება მიეწოდებათ შეუფერხებლად. ერთდღიანი შეფერხება იყო მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც უკვე აღმოფხვრილია.

პოლიტიკური ორგანიზაცია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს სკოლასთან მიმართებაშიც. მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წლის 21 იანვარს და სკოლის ბავშვთა ტრანსპორტირებას რაიმე სახის დაბრკოლება არ შექმნია. აღნიშნულს ადასტურებს კონტრაქტორი გადამყვანი კომპანიაც, ხოლო ხელშეკრულება საჯაროა, განთავსებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – აღნიშნავენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ რეგიონებში 100-ზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა რეგიონებში, სადაც სასკოლო ტრანსპორტის პრობლემა შეიქმნა, საკითხი დროულად გადაიჭრას.