შავ ხვრელს ფოტო ახალგაზრდა ქალის მიერ შექმნილი ალგორითმის საშუალებით გადაუღეს
შავ ხვრელს ფოტო ახალგაზრდა ქალის მიერ შექმნილი ალგორითმის საშუალებით გადაუღეს

10 აპრილი მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქალი მეცნიერებისთვის.

წარმოიდგინეთ, მთვარეზე ფორთოხალს ფოტოს უღებთ თქვენი სმარტფონით. შეუძლებლად ჩანს.

თუმცა, სწორედ ასეთი რამ მოახერხა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელმაც მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპით პირდაპირი ფოტო გალაქტიკა M87-ის ცენტრალურ შავ ხვრელს გადაუღო, ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.

სურათის გადასაღებად, მოვლენათა ჰორიზონტის პროექტის ფარგლებში, ერთიან ქსელში ჩაირთო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას განთავსებული რვა რადიოტელესკოპი, რომლებმაც ერთი, დედამიწის ზომის ტელესკოპის ეფექტი შექმნეს. შედეგად მიღებული გამოსახულება უმნიშვნელოვანესია, რადგან წარმოადგენს შავი ხვრელის ჩრდილის პირველ, რეალურ გამოსახულებას.

სოციალურ მედიაში მომხმარებლებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ჯგუფის წევრ ერთ-ერთ ქალ მეცნიერზე, რომლის წვლილიც პროექტის წარმატებაში უმნიშვნელოვანესია.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ამჟამად 29 წლის კეტი ბოუმანმა სამი წლის წინ კომპიუტერული ალგორითმის შექმნა დაიწყო. სწორედ ამ ალგორითმის საშუალებით, ისტორიაში პირველად, შავი ხვრელის ჩრდილისთვის პირდაპირი ფოტოს გადაღება მოხერხდა.

შავი ხვრელები ჩვენგან ძალიან შორს მდებარე, საკმაოდ პატარა ობიექტებია და მათთვის ფოტოს გადაღება ურთულესი საქმეა. როგორც სახელიდანაც ჩანს, შავი ხვრელი უხილავია, რადგან მთლიანად შთანთქავს სინათლეს. თუმცა, მის გარშემო არსებულ მატერიასთან ურთიერთქმდებისას, შავი ხვრელი ერთგვარ ჩრდილს წარმოქმნის. სწორედ ეს ჩრდილი დააფიქსირა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ორი ფოტო, რომლებმაც ბოუმანს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ერთ ფოტოზე გამოსახულია ბოუმანი, რომელიც მაგიდაზე დალაგებულ მყარ დისკებთან დგას; ამ დისკებზე ტელესკოპებიდან მიღებული მონაცემებია ჩაწერილი. მრავალ ადამიანს ამ ფოტომ გაახსენა 1969 წლის სახელგანთქმული ფოტო, რომელზეც ასახულია მარგარეტ ჰამილტონი, მის მიერვე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის კოდების ჩანაწერებთან ერთად. სწორედ ამ პროგრამით შესრულდა „აპოლოს“ მისიები მთვარეზე.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბოუმანის სახელი სოციალურ მედიაში აიტაცეს ის არის, რომ ისტორია იშვიათად არგუნებს ქალ მეცნიერებს იმ აღიარებას, რასაც ისინი რეალურად იმსახურებენ.

კომენტარზე ბოუმანი ჟურნალისტებს არც ისე ადვილად დათანხმდა, მაგრამ როგორც „სიენენს“ განუცხადა, ამ ყველაფერს მარტო ვერავინ შეძლებდა და ეს წარმატება მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგია.

ბოუმანი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია მისი რეაქცია შავი ხვრელის ფოტოს ხილვისას.

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.