შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს.
ახვლედიანს სასამართლოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გამოძიების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რაც ექსპერტიზით არის დადასტურებული.
პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მისი ჩვენება კონკრეტული პირების წინაამღდეგ მამხილებელი იქნება.
ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატის, კახა წერეთელის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ გარემოებებს დაასახელებს, რაც მისთვის ცნობილია და რაც მას გამოძიებისთვის წინა ჩვენებებში აქვს მიცემული.
„დაიკითხება იმ გარემოებებზე, რაზეც მანამდე მისცა ჩვენება. დეტალებს ვერ ვიტყვი, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება. მისცემს ჩვენებას და ყველა იმ გარემოებას დაადასტურებს. ბუნებრივია, ვახტანგ ახვლედიანი დაასახელებს იმ გარემოებებს რაც მისთვის ცნობილია. იტყვის იმ ჩვენებებს, რაც მას ჰქონდა მიცემული გამოძიებისთვის“, – აღნიშნა კახა წერეთელმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების გარდა, ამავე საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის პროცესიც მიმდინარეობს. ამ ეპიზოდთან მიმართებით, ადვოკატებს საბურთალოზე მცხოვრები პირების საქმის გამოყოფა სურთ. აღნიშნული მოთხოვნა მათ წინა სხდომებზეც ჰქონდათ. თუკი ამ საქმის ცალკე ეპიზოდად გამოყოფა მოხდება, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ადვოკატები ამ საკითხს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, ამბობენ რომ, თუ პროკურატურისგან კონკრეტული შეთავაზება იქნება, მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა შესაძლოა, დანაშაული აღიარონ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გეტყვით, რომ მოლაპარაკება ჯერ არაა, თუმცა თუ ასეთი რეალური შესაძლებლობა იქნება, ამ საკითხს გავივლით. საბას უკვე აქვს დუმილის უფლება გამოყენებილი. შემდეგი სხდომისთვის როგორი მოცემულობა გვექნება, გავივლით კონსულტაციებს. თუ იქნება შეთავაზება, კონსულტაცია მექნება დაკავებულთან“, – განაცხადა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიქაიძემ.