შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - იაკობ ბრეგვაძის ჩვენება გამოძიების პროცესში მიცემულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირის, ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. მისივე თქმით, იაკობ ბრეგვაძე ერთსა და იმავე ეპიზოდს განსხვავებულად აღწერს, ცდომილებებია გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის.
„იაკობ ბრეგვაძის ჩვენება არ არის გასაზიარებელი, რადგან მისი ჩვენება ეწინააღმდეგება გამოძიების პროცესში მიცემულ ინფორმაციას. ბრეგვაძე გამოკითხულია რამდენჯერმე, ერთხელაც კი არ აქვს ხიდის ეპიზოდზე ნათქვამი, რომ მან შენიშნა რაიმე სახის დაპირისპირება ან ფიზიკური ძალადობა. საუბარი მაქვს „მერსედესის“ ინციდენტზე. დევს ორი გამოკითხვის ოქმი, სადაც ბრეგვაძე ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ საუბრობს. გარდა ამისა, მოწმეს დავუსვი კითხვა, თუ შეესწრო დაპირისპირებას და რამდენი პირი იღებდა მონაწილეობას, რაზეც განაცხადა, რომ იყო ცამეტი პირი, რაც წარმოუდგენელია და სცილდება ბრალდების აბსურდულ ვერსიას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ცუცქირიძე არც ერთ ეპიზოდში არ უხსენებია, თუმცა ობიექტურმა მოსამართლემ ჩვენება არ უნდა გაიზიაროს“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა. ბრეგვაძე მხარეების კითხვებს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა.