გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შაორის ტბის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან, არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიიღეს. ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა, მსახიობებმა, მედიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას – დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ფონდის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში, რაც გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
აქცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.