შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.
ამის შესახებ შავგულიძის განცხადებაშია ნათქვამი. შავგულიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება.
„ჩემთვის მეტად არასასიამოვნო და მძიმეა იმის შესახებ საუბარი, რის თქმასაც ამჟამად ვაპირებ, მაგრამ ვინაიდან ვარ პოლიტიკაში, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების შესახებ. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ როგორ დატოვა „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები პარტიის ლიდერთა დიდმა ნაწილმა, რომელთა უმრავლესობა მალევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში აღმოჩნდა.
ამ მოვლენათა შემდეგ, 2017 წლის თებერვალში ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, შევქმენით გამგეობის ახალი შემადგენლობა, რომელშიც პარტიაში დარჩენილ ძველ წევრებთან ერთად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შემომატებული მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც იქნა შეყვანილი, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, ჩვენთან ერთად გამკლავებოდნენ პარტიაში შექმნილ სირთულეებს.
სამწუხაროდ, მიუხედავად თავდაპირველად გამოხატული შემართებისა, განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის ოთხ წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად არანაირი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი. ასე მოვედით 2020 წლის ზაფხულამდე.
მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, აღნიშნული დროისათვის პარტიის გამგეობის ყველა წევრი, განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ ერთხმად ვუჭერდით მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას.
ასევე შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებითაც.
სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის ზემოხსენებულმა უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე. კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მე-2 ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე.
მე არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს, 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია და შესაბამისად, არანარი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მას არ მიუღია. ამგვარად, მე ვერ ვხედავდი არგუმენტს იმის დასაშვებად, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მას მე-2 ადგილი დაეკავებინა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პარტიის ისეთი ლიდერების წინ, როგორებიც გახლდათ ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ლევან სამუშია, რომელთა შრომითაც იყო შექმნილი პარტიის სახე, მისი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი.
სამწუხაროდ, გამგეობის აღნიშნული უმრავლესობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თავის პოზიციაზე დარჩა.
გამოჩნდა სხვა გარემოებებიც, რომელთაც გაზარდეს უნდობლობა აღნიშნულ პირთა მიმართ. მაგალითისთვის ვიტყვი მხოლოდ ერთს – ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი – ექიმი, დევი ტაბიძე. სავალალო ის არის, რომ არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის ზემოხსენებული წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ.
ამგვარად, მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე; არ ვარ დარწმუნებული, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ; მათთან ერთად ვეღარ გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. ბრძოლას, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმე გახდება და რომელიც აუცილებლად გამარჯვებამდეა მისაყვანი, ჩვენი ქვეყნის პროგრესული და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ამგვარად, ვეღარ ვხედავ აღნიშნულ პირებთან ერთ პოლიტიკურ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას. და რადგან ისინი პარტიის გამგეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, – აცხადებს შალვა შავგულიძე.
შავგულიძის განმარტებით, იგივე პოზიციას იზიარებენ და პარტიის რიგებს ტოვებენ ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე, ასევე, „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი – გიორგი ქიტიაშვილი.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგივე პოზიცია აქვთ პარტიის სხვა წევრებსაც. მათ შორის, რეალურად მოქმედი და აქტიური რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს. პარტიიდან წამოსვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს.
მადლობა „ევროპულ საქართველოს“ სანდო პარტნიორობისათვის. ბოლოს მინდა აღვნიშნო შემდეგი: ივანიშვილის ხელისუფლებამ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოახერხა. მსგავსმა სიმპტომებმა ამჟამად, 2020 წლის არჩევნების წინ იჩინეს თავი. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან“, – აცხადებს შალვა შავგულიძე.