შალვა შავგულიძე - უსამართლობას ჯერ ვებრძოდი როგორც ადვოკატი და შემდეგ გავხდი პოლიტიკოსი
პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში პრიორიტეტულად ვაპირებ იმ პრობლემის გადაჭრისთვის ბრძოლას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად სტკივა, – ამის შესახებ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის ხელისუფლების უსამართლობა. ისევ ხელისუფლების უსამართლობით გაუბედურებული ადამიანები დგანან ქუჩაში, ქუჩაში ითხოვენ სამართალს და ვერ აღწევენ; ისევ ვხედავთ ხელისუფლების უსამართლობით დარეკეტებულ ბიზნესს და ა.შ“, – განაცხადა შავგულიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა წინა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანა სამართლიანობის აღდგენა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ არ იქნებოდა და კითხვა ძალიან არასწორად არის დასმული.
„პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის ვალდებულებაა, იზრუნოს ქვეყნის განვითარებასა და მის მომავალზე. მან უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, რა პრობლემები უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას. უშლიდა წინა ხელისუფლების დროს უსამართლობა?! უშლიდა. იმ უსამართლობას ჯერ ვებრძოდი, როგორც ადვოკატი და შემდეგ გავხდი პოლიტიკოსი, რათა უფრო ეფექტურად მებრძოლა ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისთვის, მაგრამ დღეს ვინ უშლის ამას ხელს?! დღეს უშლის დღევანდელი ხელისუფლება. ახლა, იმაზე ფიქრით ვიყო, რომ ადრე სხვა უშლიდა და მოდით, ამიტომ დღევანდელ ხელისუფლებას ნუ შევეხებით, მივცეთ საშუალება, რომ უსამართლობა რამდენიც უნდა იმდენი ჩაიდინოს, ოღონდ არ დამაბრალოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოფნა?!“, – განაცხადა შავგულიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გამოდის თუ არა მისი საუბრიდან ის, რომ წინა ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და წარსულში ქექვა პოლიტიკოსის საქმე არ არის.
„სადაც არის დანაშაული, ეს არ არის პოლიტიკის სფერო; ეს არის სამართლის სფერო. შვიდი წელია, „ქართული ოცნების“ ხელთ არის პროკურატურა, სასამართლო და თუ კონკრეტული პირების მიმართ სათანადო სამართლებრივი შეფასებები და გადაწყვეტილებები ვერ დააყენა, ეს „ქართულ ოცნებაში“ უნდა მოვიკითხოთ“, – განაცხადა შავგულიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მავნებლურ პოლიტიკას ეწევა და ეს უნდა გამოსწორდეს.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ სპეციალურად ახდენს იმას, რომ საქართველო კონფლიქტში შევიდეს ევროპულ სტრუქტურებთან, იქიდან შენიშვნები მიიღოს და ბოლოს დაგვრჩეს ჩრდილოელი მეზობელი, ვინც ასეთ არასწორ მოწყობაში დაგვეთანხმება. მერე საზოგადოებას ეტყვიან, რომ არ მოვწონვართ ამ ევროპას, აგერ ამ ხალხს მოვწონვართო და ისევ ჩვენი ძმა და მეგობარი, რუსეთი დაგვრჩება. აი, ასეთი მავნებლური პოლიტიკაა და რა თქმა უნდა, ამას გამოსწორება სჭირდება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.