ცესკო-ს თავმჯდომარე გორის #4 უბანზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ცესკო-ს თავმჯდომარე გორის #4 უბანზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ოლქში 97 საარჩევნო უბანია, აქედან ელექტრონულ ტექნოლოგიებს 75 უბანზე გამოიყენებენ.

ოლქში რეგისტრირებული 134066 ამომრჩეველი არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებს. მანდატისთვის „ქართული ოცნებიდან“ გიორგი სოსიაშვილი და პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე იბრძვიან.

გორში იმყოფებოდა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას გორის #4 უბანზე დააკვირდა.

„ეს არჩევნები განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ ფართო მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაცია ნოვაციის სახით იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ფაქტობრივად, ეს არჩევნები არის გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებისთვის, რათა ჩვენ, ჩართულ მხარეებთან ერთად, პრაქტიკაში ვნახოთ აპარატების ფუნქციონირება და ეფექტიანი გამოყენების ასპექტები. კენჭისყრა ამ დროისთვის ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს სამივე ოლქში. ამომრჩეველს ექნება სამივე ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ სერვისებით, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია მათ სთავაზობს. ეს ის სერვისები იქნება, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება გამოყენებული. ჩვენ შესაბამისი დაგეგმარება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების მიხედვით გვაქვს განხორციელებული, მათ შორის რისკების პრევენციისა და მართვის გეგმა. დარწმუნებული ვარ, კომისიის წევრების გადამზადება, ამომრჩეველთა აქტივობა და ახალი ტექნოლოგიების მიმღებლობა იქნება გარანტი იმისა, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს 2024 წლის არჩევნები. 2024 წლისთვის ამომრჩევლის 90 პროცენტი მიიღებს სერვისს ამ ტექნოლოგიების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ტრადიციული უბნების ნაწილში ჩვენ მოდერნიზების მთელი რიგი ელემენტები გვაქვს გათვალისწინებული. პროცესში დიდი რაოდენობითაა საჯაროობისა და გამჭვირვალობის კომპონენტი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.