ცესკო შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ცესკო შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობისა და კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.

„უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3 პროცენტი) ამომრჩეველმა. ზოგადად, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკო-ში, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება საშუალება, აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, მას შემდეგ, რაც 20:00 საათზე უბნები დაიხურება, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება.

„შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკო-ში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე, Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა.