პირველ ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
პირველ ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

„არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ადმინისტრაცია ამომრჩეველს ამ არჩევნებისთვისაც არაერთ სერვისს სთავაზობს. არჩევნებამდე ორი კვირა რჩება და დღეს მინდა, შეგახსენოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და ვადების შესახებ, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას უკავშირდება. პირველი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ ან რიგგარეშე არჩევნებში, შეუძლიათ, მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ არაუგვიანეს 20 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ კი ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს. ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 46 საარჩევნო უბნის შესახებ.

რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა და იმყოფება ამავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი.

„ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას 20 სექტემბრის 18:00 საათამდე. მივმართავთ ეტლით მოსარგებლე  და გადასატანი ყუთის საჭიროების მქონე ამომრჩევლებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის საარჩევნო კომისიას.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში“, – განაცხადა იოსელიანმა.